|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტობუსით მგზავრობის ღირებულება შენარჩუნდება და 40 თეთრი იქნება -ქუთაისის მერია

ქუთაისში ავტობუსით მგზავრობის ღირებულება შენარჩუნდება და 40 თეთრი იქნება. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

მერიის ინფორმაციით, ქუთაისისთვის განკუთვნილი 60-ვე ავტობუსი უკვე ქალაქშია. ახალი ავტობუსები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მუნიციპალურ ავტოპარკში დაათვალიერა. 

"ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება და ქალაქში ახალი, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ.  ქალაქის სატრანსპორტო კომპანიას 60 ახალი, თანამედროვე ავტობუსი ჰყავს, რომლებიც იმუშავებენ როგორც ძველ სვლა-გეზებზე, ასევე მოსახლეობის მოთხოვნების მიხედვით შერჩეულ ახალ მარშრუტებზეც. EVRO 5 –ის ტიპის ავტობუსების შეძენა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი, მოვლენაა ქუთაისის სინამდვილეში და ამ ფონზე, გარკვეული ძალები ცდილობენ ეს სიახლე და მართლაც ძალიან კარგი ამბავი საზოგადოებას ნეგატიური ასპექტით მიაწოდონ. თუმცა, რეალობას ვერავინ გაექცევა და ჩვენი მოსახლეობა თავად დარწმუნდება, რომ ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მკვეთრად წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, ავტობუსებში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები: მძღოლი და მგზავრები აუცილებლად უნდა იყვნენ პირბადით, აკრძალული იქნება მგზავრის ფეხზე დგომა, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს ჩაუტარდებათ დეზინფექცია. მონიტორინგის სამსახური მუდმივად შეამოწმებს, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები.

 ავტობუსები დილის 8 საათიდან  20 საათამდე იმუშავებენ.

ავტორი: ნიუპრესი