|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რაც ამ ქუჩაზე ხდება, არის საფუძველი, რომ ქალაქის მერი გადადგეს" [VIDEO]

ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩის მეორე შესახვევის და გველესიანის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. პროტესტის მიზეზი გზაზე მიტოვებული სამუშაოებია.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაოები დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და ვერ დასრულდა, რის გამოც მათ გზაზე გადაადგილების პრობლემა აქვთ.

"დაიწყეს სამუშაოები და მიატოვეს. ახლა წვიმების გამო ვეღარ ვაკეთებთო და ვართ ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში. ავტომობილით კი არა, ფეხით გავლაა შეუძლებელი. ახალ წელს სტუმრები ვერ მოვიდნენ. ერთდროულად გადათხარეს მიმდებარე ქუჩები და საერთოდ შეგვიზღუდეს გადაადგილება. პასუხსაც არავინ გვეუბნება, როდის გაკეთდება", -აცხადებენ ადგილობრივები.

აქციას შეუერთდა  პარტია "თავისუფალი საქართველო".  პარტიის თავმჯდომარის მოადგილის გოგი წულაიას განცხადებით, როდესაც ქალაქში მინიმალური სამუშაოები ვერ სრულდება, ეს მერის გადადგომის საფუძველია. 

"ცუდია, როდესაც ტერენტი გრანელი კოლაუ ნადირაძეში გერევა, როდესაც ნიკო და იაკობ ნიკოლაძეები გერევა, ცუდია, როდესაც გარდაცვლილ კომპოზიტორს კაბინეტში დაიბარებ, მაგრამ ეს არაა ტრაგედია. შეიძლება იყო ქალაქის მერი და პოეზიაში და ხელოვნებაში ვერ ერკვეოდე, მაგრამ, რაც ამ ქუჩაზე ხდება, ეს უკვე არის ტრაგედია, ესაა იმის საფუძველი, რომ ქალაქის მერი უნდა გადადგეს. როდესაც ასე მიატოვებ სამუშაოებს და  პასუხის გამცემს ვერ ნახულობენ მოქალაქეები და არ იციან, როდის დაადგებათ საშველი და ეს არის საფუძველი გადადგომის", - განაცხადა გოგი წულაიამ. 

 

 

 როგორც ქუთაისის მერიაში განაცხადეს, სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის გამო შეჩერდა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი