ქუთაისში ”ბიბლუსი გალერეის” გახსნის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება
ქუთაისში ”ბიბლუსი გალერეის” გახსნას ითხოვენ, - შესაბამისი პეტიცია ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. პეტიციის ხელმომწერებმა სულ 2000 ხელმოწერა უნდა შეაგროვონ. ამჟამად პეტიციას უკვე 1500 -ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
”ალბათ, ბევრს საჯარო ბიბლიოთეკაში შესვლისას შეგინიშნავთ, რომ ახალგამოცემული წიგნების დეფიციტია, ვერ გიპოვიათ თქვენთვის სასურველი თანამედროვე ავტორის წიგნი, რადგან ბიბლიოთეკას ის ჯერ არ მიუღია. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ქუთაისში გაიხსნას ”ბიბლუსი გალერეა”, სადაც ჩვენი ქალაქის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ახალ გამოცემებს, წაიკითხონ წიგნები და ისიამოვნონ გარემოთი. რატომ უნდა იყოს ასეთი ადგილი მხოლოდ თბილისში, ხომ შეიძლება, რომ დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნას მსგავსი რამ”, - წერს პეტიციის ავტორი.
“ბიბლუსის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის მარიამ წამალაშვილის განცხადებით, მკითხველის მხრიდან მსგავსი ინიციატივის გამოჩენა კომპანიისთვის ძალიან სასიამოვნოა. მისივე თქმით, თბილისის შემდეგ , ”ბიბლუსი გალერეა”, წიგნებითა და კაფეთი ბათუმში, ივლისის ბოლოს გაიხსნება.
პეტიციის ავტორების განცხადებას საჯარო ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელად მიიჩნევს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე. მისი თქმით, ბიბლიოთეკაში წიგნების განახლება სისტემატურად ხდება. "წელიწადში ორჯერ ვაცხადებთ ტენდერს და ვახდენთ წიგნების განახლებას", -განუცხადა "ნიუპრესს" ნარგიზა ჩოგოვაძემ.
ავტორი: ნიუპრესი