ქუთაისის კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი დაემატა. ახლაგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გუშინ წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მძიმე პაციენტების მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 12 პაციენტს აქვს პნევმონია.
პაციენტებს შორის სამი არასრულწლოვანია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს განმეორებითი ტესტების ჩატარება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოში მოთავსებულ სამი წლის ბავშვს ვირუსის არსებობა არ დაუდასტურდა. ის კლინიკაში გუშინ დედასთან ერთად შეიყვანეს. ქალი ე.წ. ფარცხანაყანების კლასტერს წარმოადგენს და მას კორონავირუსის დიაგნოზი აქვს.
ამ დროისათვის კლინიკაში 26 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
ავტორი: ნიუპრესი