დათო მირზაშვილის ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართა
ქუთაისში ოპერატორისა და ფოტოხელოვანის დათო მირზაშვილის ფოტო ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიება "ჩაის სახლში" მოეწყო და მას ძირითადად მედიისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენის ორგანიზატორის, თამთა თურმანიძის განცხადებით, დათო მირზაშვილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან მაღალი პროფესიიონალიზმი და პიროვნული ღირსებები.
"ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ალბათ, არ ყოფილა ქუთაისსა და იმერეთში ასე თუ ისე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც დათო მირზაშვილის ობიექტივს არ აესახა. დათო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მეგობრობს მაღალი პროფესიონალიზმი თავმდაბლობასთან. რამდენადაც ის საქმის მიმართ სერიოზულია, იმდენად უბრალო და თავმდაბალი ადამიანია ცხოვრებაში. ვინც კი გაიგო, რომ დათო მირზაშვილის გამოფენა იმართებოდა, ყველას სახეზე ღიმილი ეფინებოდა. იშვიათია, რომ ადამიანმა ამდენი სიყვარული დაიმსახუროს და ეს ალბათ, მხოლოდ დათო მირზაშვილს შეუძლია",-განაცხადა თამთა თურმანიძემ.
ფოტოხელოვანი არჩილ გეგენავას შეფასებით, დათო მირზაშვილის ხელოვნებაში აღსანიშნავია დინამიკა, რაც გამოარჩევს მას, ასევე მნიშვნელოვანია მისი დოკუმენტური ფოტოები.
"დათო როგორც ფოტოგრაფი მე გვიან გავიცანი, ის როგორც ოპერატორი წარმატებულია და მას მნიშვნელოვანი კადრები აქვს გადაღებული, მაგრამ აღმოჩენაა, როგორც ფოტოგრაფი და საკმაოდ საინტერესო დოკუმენტური ფოტოების ავტორია, მის მიერ გადაღებულ ფოტოებში ის "დრაივი" და დინამიკა ჩანს, რაც შეიძლება ვიდეოოპერატორმა გადმოიტანოს ფოტოში",-აღნიშნა არჩილ გეგენავამ.
ავტორი: ირინა მაკარიძე