ქუთაისში დავით აღმაშენებელის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს
დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
მხარის რწმუნებულის განცხადებით, ეს დღე კიდევ ერთხელ უნდა გვახსენებდეს ქვეყნისადმი სამსახურის მნიშვნელობას.
,,ეს დღე რომელიც განსაკუთრებით უნდა გვახსენებდეს, თუ რა იყო საქართველო და როგორი უნდა იყოს ის. როგორი უნდა იყოს ის სულისკვეთება, რომელიც ქართველს აძლევს ბოლომდე ბრძოლის ძალას საქართველოსთვის. ამ პათოსით იზრდებოდნენ თაობები და კიდევ ბევრი გაიზრდება. ვულოცავ დავითობას სრულიად საქართველოს“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს (ძველი სტილით 24 იანვარს) წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის - დიდგორი უკავშირდება. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ. ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.
ავტორი: ნიუპრესი