ქუთაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იმართება
ქუთაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა მესხიშვილის თეატრის დარბაზში მიმდინარეობს.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.
"ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტში მათი ინიციატივით "ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ" წარდგენილია მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი და ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ".
თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლი კორექტირდება, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
რაც შეეხება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.
მომდევნო დღეებში საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია განხილვებს ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში გაიმართება.
განხილვაზე არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს.
ავტორი: ნიუპრესი