ქუთაისის ერთ-ერთ მარკეტში შეძენილ პურში თაგვის ექსკრემენტი აღმოჩნდა
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ერთ-ერთ მარკეტში შეძენილ პურში მღრღნელის ექსკრემენტი იპოვეს. მოქალაქე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მარკეტში პური შეიძინა, "ნიუპრესს" დაუკავშირდა.
მისი თქმით, მაღაზიის მფლობელებმა განაცხადეს, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა, ახლა კი მარკეტში აღნიშნული წარმოების პურის გაყიდვა შეაჩერეს.
"რამდენიმე დღის წინ შევიძინეთ პური, რომელშიც თაგვის ცურცლები აღმოჩნდა. ფაქტის შესახებ ვაცნობეთ მაღაზიის მფლობელს. მან აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა არასდროს მომხდარა, რაც შეეხება პურის რეალიზებას, განმარტეს, რომ გასაყიდად ეს პური აღარ დაუტოვებიათ. გვინდა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ, რომ ყურადღებით იყვნენ. უკვე მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გვითხრეს, რომ პასუხი 10 დღეში გახდება ცნობილი", -განაცხადა მოქალაქემ.
პურის შეფუთვაზე წარმოების და ვადების შესახებ ინფორმაცია არ არის დატანილი.
ავტორი: ნიუპრესი