|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 150 000-ე კონსულტაციის წარმატებით შესრულება აღნიშნეს

 იურიდიული დახმარების სამსახურმა 10 წლის იუბილე და უფასო დახმარების რიგით 150 000-ე ბენეფიციარის მომსახურების ფაქტი აღნიშნა.

საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ოფისში გაიმართა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში-იანოშ ჰერმანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სამსახურის საქმიანობის მნიშვნელობასა და უწყების პარლამენტთან ანგარიშვალდებულების საკითხებზე ისაუბრა.

„150 ათასი ბენეფიციარის მომსახურება მოწმობს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ დიდი ინტერესია, რაც ცხადყოფს, რომ სამსახური საქმიანობა არის ქმედითი და სათანადოდ უზრუნველყოფს მოქალაქეები ინტერესების და  უფლებების დაცვას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ 10 წლის განმავლობაში სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა.  

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი მიესალმა და წარმომადგენლობის და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ქართველისთვის, მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, ხელმისაწვდომი ყოფილიყო მაღალ პროფესიული იურიდიული კონსულტაცია და სასამართლო წარმომადგენლობა“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

საიუბილეო ღონისძიებას უშუალოდ 150 000-ე ბენეფიციარი, აფხაზეთიდან დევნილი, დავით ჯანჯღავაც დაესწრო, რომელმაც საცხოვრისი ფართით უზრუნველყოფის საქმეში სამსახურის  მიერ გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა.

ორგანიზაციას 2007 წლიდან შესაძლებლობების გაძლიერებისა და მომსახურების გაუმჯობესების კუთხით ევროკავშირი უჭერს მხარს, რისთვისაც დაახლოებით 12 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი