ქუთაისში მგზავრობის ღირებულებისა და დასუფთავების გადასახადის გაზრდა დროებით გადაიდო
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურის გაძვირების შესახებ საკითხის განხილვა შეაჩერა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, განსახილვე საკითხთა შორის ასევე დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის გაზრდაც შედიოდა, რაც ასევე შესაჩერე.
"საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე (ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისია, იურიდიულ საკითხთა კომისია) განიხილეს ის საკითხები, რომელიც დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მგზავრობის ტარიფისა და პარკირების, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ტარიფის ზრდას ითვალისწინებს. აღნიშნული საკითხები საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივით, თვითმმართველობის აღმასრულებელ რგოლთან შეთანხმებით დამატებითი შესწავლისა და ფინანსური ანალიზის წარმოდგენის მიზნით შეჩერებული იქნა.
საკრებულოს ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის გადაწყვეტილებით მერიამ, მოსახლეობას და საკრებულოს მიმდინარე თვეში უნდა წარუდგინოს მუნიციპალური ტრანსპორტის ხარჯების დეტალური ფინანსური ანგარიში. ასევე ანგარიშგების და სუბსიდირების ანალიზი. მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, საკითხი განხილული უნდა იქნას თვითმმართველობაში არსებულ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებში, მათ შორის მერიის მრჩეველთა საბჭოში. მნიშვნელოვანია მოხდეს მოწყვლადი ჯგუფებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან სუბსიდირებას ითვალისწინებს. რის შემდეგაც საკრებულო დაუბრუნდება აღნიშნული საკითხის განხილვას", - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი