|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მომავალი წლიდან სილიციუმს დაამზადებენ

ქუთაისში, ჰუალინგის კუთვნილ ინდუსტრიულ ზონაში, ჩინური ინვესტიციით ფეროშენადნობთა მწარმოებელი საწარმო გაკეთდა, რომელიც სილიციუმს დაამზადებს, ამის შესახებ Bm.ge-ს ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა.

,,საქართველოს ფეროშენადნობთა რესურსების კომპანია“ პროდუქციის წარმოებას ახალი წლიდან დაიწყებს. 

"ქარხანა მზად არის, წყალტუბოდან გამოყვანილია მაღალი ძაბვის კაბელი. ამჟამად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სრულდება საკმაოდ მასშტაბური პროექტი, ეს არის ელექტროქვესადგურის მონტაჟი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ძაბვის კაბელის გამხოლოებას, ანუ დადაბლებას. ამ პროექტს კომპანია ,,ჰუალინგი“ აკეთებს, ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამის შემდგომ ელექტროენერგიის მოწოდებაზე წარიმართება მოლაპარაკებები როგორც სახელმწიფოსთან, ასევე ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთან“. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მოხდება ქარხანის დაერთება ქვესადგურთან და სავარაუდოდ ახალი წლიდან საწარმო უკვე დაიწყებს ფუნქციონირებას“ - განაცხადა სოსო ნიბლაძემ. 

საწარმოში ხისა და ქვის ნახშირის, კვარცისა და პეტროკოკის გადამუშავების შედეგად მიიღება სილიციუმი, რომელიც ფერად მეტალურგიაში გამოიყენება, ის 100%-ით ექსპორტზე გავა. ნედლეული სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა, მათ შორის: უკრაინიდან, ცენტრალური აზიიდან და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან. საწრამოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 3 მილიონ დოლარს შეადგენს.

Bm.ge

ავტორი: ნიუპრესი