|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მშენებარე სკეიტ პარკი დაპირისპირების მიზეზი ხდება

ქუთაისში მშენებარე სკეიტ პარკი დაპირისპირების მიზეზი ხდება. ფაქტზე სკეიტერები საუბრობენ, რომლებიც ქუთაისის მერს ღია წერილით მიმართავენ და მოქალაქეების ინფორმირების მიზნით ადგილზე  დაფის განთავსებას თხოვენ.

„ე.წ. სკეიტ-პარკი ქუთაისში - თურმე შესაძლებელია ფეხბურთის თამაშისთვის, კალათბურთი, ფრენბურთი, შეგიძლიათ ძაღლებიც შემოასეირნოთ და მოასაქმოთ იქვე, პატარა ბულვარიც ყოფილა ქვეითებისთვის, სამარცხვინოა! პირველი: უნდათ რომ პარკი აგვისტოს ბოლოს დაასრულონ, როდესაც შეწყვიტეს ჯერჯერობით, რატომღაც მუშაობა. მეორე: აზრზე არ არიან ბავშვები, რა კეთდება, რისთვის გამოიყენება და ვის შეუძლია პარკში შესვლა. ეს ძალიან კარგი, ახალგაზრდები შემოიჭრნენ ჩვენს სივრცეში, დაიკავეს საკმაოდ დიდი ადგილი, ერთი–ორჯერ ბურთიც საყვარლად მოგვხვდა, (შეურაცხყოფაც არ იყო ცუდი) დიდი მადლობა, რომ აწესრიგებთ ამ ყველაფერს, ვფიქრობდით, უნდა მიგვემართა თუ არა პატრულისათვის,  მაგრამ ვერ დავიჯერეთ, რომ რამეს მოაგვარებდა. 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, გთხოვთ, ან აფიშა დაკიდეთ, ან გააგებინეთ ამ ბავშვებს, რომ ეს ტერიტორია არ არის ქვეითებისთვის. ჯერ არ გაკეთებულა და ესე შემოჯლიგინდებიან და რომ გაკეთდება, დახოცავენ ერთმანეთს. ბატონ გიორგი ჭიღვარიას მივმართავთ: გთხოვთ, მოგვისმინეთ და გაიზიარეთ ჩვენი გეგმა,  თუ როგორ შევინარჩუნოთ პარკი, რომლისთვისაც 7 წელია, ვიბრძვით“, –წერენ სკეიტერები.

მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები არ შეჩერებულა, არამედ დასრულდა პირველი ეტაპი. ამ დროისთვის სკეიტ პარკისთვის საჭირო მოწყობილობას ელოდებიან, რომლის დამონტაჟება ჩამოსვლისთანავე მოხდება. მათი ინფორმაციით, სკეიპ პარკი დასრულებული სახით ფუქციონირებას აგვისტოს ბოლოდან დაიწყებს. 

სკეიპ–პარკი მერიის გადაწყვეტილებით ახალგაზრდობის პარკში ეწყობა. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, თუმცა როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, სამუშაოები შეჩერებულია.

შეგახსენებთ, რომ სკეიტ პარკის მშენებლობას ახალგაზრდები რამდენიმე წელია ითხოვენ, მათი მოთხოვნის განხორციელება მხოლოდ წელს დაიწყო.

 

ავტორი: ნიუპრესი