ქუთაისში მზის პანელების წარმოება რამდენიმე თვეში დაიწყება
ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ამ დროისთვის 70-ზე მეტი ქართული და უცხოური კომპანია ოპერირებს. მათ შორის არიან როგორც საწარმოო, ისე სავაჭრო და სერვისების მიმწოდებელი კომპანიები.
ჰუალინგის თიზ-ის გენერალური დირექტორის, სოსო ნიბლაძის განცხადებით, აქტიურად მიდის მოლაპარაკებები გერმანელ ინვესტორ კომპანიასთან, რომელიც ჰუალინგის თიზ-ში კერძო ბიზნესმენებთან ერთად მზის პანელების წარმოებას გეგმავს. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი მალე დასრულდება და სავარაუდოდ, მზის პანელების წარმოება ქუთაისის თიზ-ში რამდენიმე თვეში დაიწყება.
ცნობისთვის, გერმანული კომპანია მზის პანელებს ჩინეთში აწარმოებს და მას მსგავსი წარმოების დაწყება სურს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშიც. სოსო ნიბლაძე ამბობს, რომ პროექტში ინვესტიციის თავდაპირველი მოცულობა დაახლოებით 3 მილიონი დოლარი იქნება.
პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება გათვლილი, კომპანიას უკვე ჰყავს პარტნიორები ამერიკაში, მექსიკასა და ევროპის ქვეყნებში, თუმცა რეალიზაცია შესაძლოა რეგიონის ქვეყნებშიც მოხდეს.
წყარო: Business Media Georgia
ავტორი: ნიუპრესი