"სერგეენკო დაინტერესდეს, რატომ მოუხსნეს ხუთშვილიან ოჯახს სოციალური დახმარება"
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვაჟი ცოტნე გამსახურდია ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, იმის ფონზე, როდესაც გაჭირვებულ ადამიანებს სოციალურ დახმარებებს უხსნიან, სხვა ყველაფერი "ქაჯობაა", მაგალითად კი ქუთაისში მომხდარი შემთხვევა მოჰყავს. მისი თქმით, ნანგრევებში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს დახმარება მოუხსნეს.
"ბრავოოო, დიდება სერგეენკოს, ეს რა გაუკეთებია. არა, გაიგეთ, მაღალი თანამდებობის პირს პირადი ტრანსპორტი გამართული ჭირდება, რადგან მისი გადაადგილება და დრო უფრო ფასეულია სახელმწიფოსთვის, ვიდრე ამ მანქანის სხვაგან დახარჯული საწვავისა და დროს ღირებულება. ყველაფერი დანარჩენი ქაჯური მანევრებია! რაც შეეხება სერგეენკოს, დაინტერესდეს, მაგალითად, ქუთაისში მისმა მესვეურებმა რატომ მოუხსნეს ნანგრევებში მცხოვრებ ხუთშვილიან ჯამაძეების ოჯახს დახმარება? რატომ არ იღებს ხმას მისი და მოადგილე სოფრომაძის ხელმძღვანელობით შემუშავებულ კატასტროფულ "ქულების სისტემაზე", რომლის წყალობით უკვე უამრავი ადამიანი დარჩა უმწეოდ და ულუკმაპუროდ? და არაა საჭირო ეს იაფფასიანი პიარი! ხალხო, თქვენ კიდევ იმარჩიელეთ, ნეტა მისი უდიდებულესობა რა მანქანით დადის... პ.ს. დღეს ჩვენ ქუთაისელ მეგობარს, გოგი ხაზარაძეს ჩვენ მიერ ერთად შეგროვილი ათასი ლარი გადავურიცხე, რითაც იგი ჯამაძეებს სახლის გარემონტებაში დაეხმარება"–წერს გამსახურდია.
ჯამაძეების მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი, ქუთაისში, ე.წ. ბარაკების დასახლებაში ცხოვრობს. მათ დასახმარებლად ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "2015 წლის სექტემბრიდან სახელმწიფომ სოციალური დახმარება შეუწყვიტა. ოჯახის უფროსი ინსულტიანია. 12 წლის ჯემალი დაბადებიდან ჰემოფილიკია. უსახსრობის გამო 4 თვის ლაზარეს მოხარშულ მჭადის ფქვილს აჭმევენ",- ნათქვამია პოსტში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი