ქუთაისში "ოქროს ჩარდახის მცველს და მეციხოვნეს" ემშვიდობებიან
"ქალაქის კოლორიტი", კაცი, რომელიც დააკლდება ქალაქს,- ამგვარი შეფასებებით გამოხატავენ გულისტკივილს სოციალურ ქსელში ქუთაისელები ემზარ ჯინჭარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
"მან მთელი ცხოვრება მიუძღვა ოქროს ჩარდახის მოვლას, მეფეების სამყოფელის დაცვას, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბიუჯეტში თანხაც კი არ იყო გამოყოფილი, ფიზიკურად შრომობდა, რომ ეს ადგილი შეენარჩუნებინა. პირადად იცავდა ამ ადგილს შეიარაღებული ბანდებისაგან ", -აცხადებს "ფეისბუკის" სპეციალურ ჩართვაში ქუთაისის საკრებულოს წევრი გიგა შუშანია.
"პირადად ჩემთვის მუდამ დარჩება, პასუხისმგებლობისა და პატიოსნების განსახიერებად. უზომოდ უყვარდა მისი ქალაქი, ,,ოქროს ჩარდახის” უერთგულესი მეციხოვნეობა ამ სიყვარულის მისეული დასტური იყო... მშვიდად განისვენე მეგობარო, ახლა გაცილებით ხანგძლივ არსებობას ჩვენს მოგონებებში, ქუთაისურ ისტორიებსა თუ ქალაქურ ლეგენდებში განაგრძობ. დარწმუნებული ვარ, ისინიც კი გაგიხსენებენ, ვინც არ გიცნობდა და არა ერთ თაობას ემახსოვრები", - წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის ყოფილი მერი გია თვდორაძე.
"მეფე... ჩემთვის პატივი იყო შენთან თანამშრომლობა! "-წერს მერიის ააიპი ტურიზმის სააინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.
იმერელი მეფეების რეზიდენცია "ოქროს ჩარდახი" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, წლების განმავლობაში შენობას ემზარ ჯინჭარაძე უვლიდა და პარტონობდა. დაწესებულებას ბოლო წლებში ააიპის სტატუსი და საკუთარი ბიუჯეტი ჰქონდა, თუმცა გასულ წელს ის ააიპ "ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს" შეუერთდა.
ემზარ ჭინჭარაძე ეზოში იმერეთის მეფის სოლომონ მეორის ძეგლის დადგმას გეგმავდა, ამის შესახებ მან "ნიუპრესის" ჟურნალისტს ესაუბრა. მისივე თქმით, სამეფო რეზიდენციას მისი დაცვის მიზნით შემთხვევითი პირებისათვის კეტავდა, თუმცა ტურისტებისა და დათვალიერების მსურველებისათვის ძეგლი ხელმისაწვდომი იყო.
ავტორი: ნიუპრესი