ქუთაისში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გალა-კონცერტით დასრულდა
ქუთაისის ოპერის თეატრში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გალა-კონცერტით დასრულდა. სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისში "დიდი თეატრი" სოლისტი ვლადისლავ პიავკო ჩამოვიდა, რომელიც 32 წლის წინ, საოპერო მეგავარსკვლავებთან ერთად, ქუთაისში საოპერო ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე და დამფუძნებელი იყო.
გალა კონცერტზე ჩამოვიდა ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერიც, რომელიც ფესტივალს გულშემატკივრობდა.
გალა-კონცერტი ფესტივალის ორგანიზატორ, ფონდ "მსოფლიო ტალანტების" დამფუძნებელ, დავით ღვინიანიძესთან ერთად, ქრისტინე ძიძიგური-ბაგრატიონმა გახსნა, რომელიც სამეფო ოჯახის წარმომადგენლებით, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა ქუთაისში.
"ფანტასტიური ფესტივალი შედგა და წარმატებით დასრულდა. მიხარია, რომ ქუთაისში ამ დონის ფესტივალი დაიწყო. გალა-კონცერტიც არაჩვეულებრივი გამოვიდა, რომელსაც ბევრი სახელოვანი ადამიანი დაესწრო. ფესტივალი გაგრძელდება, მომავალში მეტი მონაწილით წარვსდგებით მაყურებლის წინაშე", -განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა დავით ღვინიანიძემ.
ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი 16 სექტემბერს ლეონკავალოს "ჯამბაზებით" გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა იხილა სამი სპექტაკლი, ერთი კამერულ-ვოკალური მუსიკის კონცერტი, 2 მასტერკლასი - მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტის, რაულ მელოსი და საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის ალექსანდრე ხომერიკის.
დასკვნით კონცერტში მონაწილეობდნენ: ნიუ-იორკელი პერფორმერი და ტენორი, რაულ მელო, დიდი თეატრის სოლისტი ალექსანდრ კირეევი, სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს აკადემიური მუსიკალური თეატრის სოლისტები ლარისა ანდრეევა და მარია პახარი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები და გუნდი. ორკესტრს დირიჟორობდნენ რევაზ ჯავახიშვილი და ლევან ჯაგაევი.
ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. ორგანიზატორების განცხადებით, ის მომავალ წელს გაცილებით დიდ მასშტაბებს შეიძენს.
ავტორი: