ქუთაისში "რონიკოს" შენობა გასაყიდ ობიექტთა სიაშია?
ქუთაისის მერიას ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად მის ბალანსზე არსებული 15–მდე ობიექტი აქვს გატანილი, რომლის საერთო ღირებულებაც 3 802 200 ლარია. ობიექტებში რამდენიმე ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ასევე არის ისტორიული შენობის ნანგრევები ხანძთელის ქუჩაზე, რომელიც რუსეთის იმპერიის დროს დასავლეთ საქართველოს საჯარისო ნაწილებს ეკუთვნოდა. ე. წ. კოლიზეუმის ფასი 1 900 000 ლარია.
ჩამონათვალში იყო წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე "რონიკოს" მაღაზიის ნაწილი, თუმცა მოგვიანებით ეს ობიექტი აუქციონის ჩამონათვალიდან გაქრა. აღნიშნულის მიზეზი კი "ნიუპრესს" მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა განუმარტა.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 23 ივნისის #2196 ბრძანებით მოხდა აუქციონის გამოცხადება უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს: წმ. ნინოს ქ. #1-3-5 (ყოფილი #1) / პუშკინის ქ. #3-ში, ფართით 21,7 კვ.მ.
თუმცა, იმის გამო, რომ www.eauction.ge - ზე წარმოდგენილი საპრივატიზებო ფართის ფოტო მასალა, დაინტერესებულ პირთა იმ ნაწილში, რომლებიც ადგილზე არ ახდენდნენ ქონების მონახულებას, იწვევდა მცირე გაურკვევლობას, ფართის ზუსტ საზღვრებთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აუქციონის შეწყვეტის შესახებ", –აცხადებს კლდიაშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნული უძრავი ქონება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უახლოეს მომავალში კვლავ იქნება აუქციონზე გამოტანილი საპრივატიზებოდ, რომელზეც დამატებით იქნება წარმოდგენილი შენობის შიდა აზომვითი ნახაზი, რათა სრულად გამოირიცხოს ნებისმიერი შესაძლო გაურკვევლობა ფართის საზღვრებთან დაკავშირებით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:58
11:46
22:32
19:44
20:45
















