|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სამუშაოები მეოთხე თვეა მიმდინარეობს

ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაცვლად ერთი თვისა, მეოთხე თვეა, გრძელდება. სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალელურად ხორციელდება, რაც  ხშირად საგზაო მოძრაობის შეფერხების მიზეზი ხდება. 

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, კომპანიამ უკვე დაასრულა წყალმომარაგების სისტემის  მილების მონტაჟის პროცესი და ამ ეტაპზე სისტემის ტესტირების სამუშაოები მიმდინარეობს, გზის საფარის აღდგენა კი უახლოეს დღეებში დაიწყება. 

"რუსთაველის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის მილები ჩაიგო, რაც ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვისაა საჭირო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დატესტვები. ირეცხება ეს ახალი მილები, შესაბამისად, თუ სადმე არის დაზიანება, ხდება რეაგირება.  უახლოეს დღეებში დაიწყება გზის დაზიანებული საფარის აღდგენა", -განაცხადა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.

წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანიამ SMK მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა. სანაცვლოდ დაიტვირთა ბარათაშვილის ქუჩა. შექმნილი პრობლემები არაერთხელ გახდა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი.

სამუშაოების გაჭიანურების გამო კომპანია, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1000 ლარით დაჯარიმდა.  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია,  ქუთაისის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფისათვის 87 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის დასრულება 2019 წლისათვის გადაიდო.

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 2019 წლისათვის იგეგმება.  პროექტის შეყიდვისათვის ტენდერი მერიამ მიმდინარე წელს გამოაცხადა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე