|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელნაკეთი საჩუქრები- ბიზნესად ქცეული გართობა [PHOTO]

 ახალი წელი სადღესასწაულო მორთულობებთან და ლამაზ ნივთებთან ასოცირდება.  ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა  უკვე იქცა  როგორც განტვირთვის, ასევე დამატებით შემოსავლის წყაროდ.  

"ნიუპრესი" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა, რომელთა მიერ შექმნილ ზღაპრულ მორთულობებს ახალი წლის დღეების გალამაზება შეუძლია.

ერთ-ერთი ასეთი ნივთების შემქმენლი ქუთაისელი ბაჩო ნადირაძეა. ბაჩო საახალწლო აქსესუარებს ხისგან ქმნის. 

„თავიდან მსგავსი ნივთების კეთება განტვირთვისთვის დავიწყე, რომ ძირითადი საქმიანობიდან ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, შემდეგ უკვე ეს საქმიანობა ჩემთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდა. ბოლო დროს ვაკეთებ გულსაკიდებს, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კი ნაძვის ხის სათამაშოების კეთება დავიწყე. ახალი წელი ჩემთვის მხოლოდ დღესასწაული არ არის და ამ დღისთვის ნოემბრის თვიდან ვიწყებ მზადებას“,-განაცხადა ნადირაძემ.

 

    

  

საკუთარი შვილების გართობისათვის დაწყებულმა საქმიანობამ თაკო ჩხეიძე იმდენად გაიტაცა, რომ მისი ზღაპრული კაცუნები შექმნისთანავე იყიდება.


„საახალწლო გნომების შექმნა ორი წლის წინ დავიწყე, ახალი წლის წინა დღეებში მინდოდა შვილებისთვის რამე განსაკუთრებული შემექმნა. პირველი, რაც გავაკეთე, გნომების ოჯახი იყო. ძირითადად ხავერდზე, თექაზე, ბეწვზე და ნაქსოვ ქსოვილებზე ვმუშაობ. დაინტერესებაც თანდათან იმატებს, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი კაცუნა  შეიძინოს, ამიტომ  რეალიზაციისთვისაც ვამზადებ ჩემს საახალწლო გნომებს, რომლებსაც საკუთარი სახელებიც კი აქვთ“-აღნიშნა თაკო ჩხეიძემ.




საახალწლო ხელნაკეთ ნივთებს ანა ქორიძე საკუთარ ატელეაში ქმნის. როგორც თვითონ ამბობს, მოთხოვნა დიდია და შენაძენით მომხმარებლებიც კმაყოფილი რჩებიან. 
"დიზაინერი ვარ, ტანსაცმელების შექმნას როცა მოვრჩები, დროს საახალწლო აქსესუარებისთვისაც ვპოულობ და აქვე ვქმნი. რამდენიმე ხელნაკეთი ნივთი სახლშიც მაქვს, რომელთა შეძენაც მომხმარებლებს როგორც ატელიეში, ასევე სახლშიც შეუძლიათ" -აღნიშნა ქორიძემ.

 
 
   

 

 

მოჭარბებულ თავისუფალ დროს უკავშირებს ჟურნალისტი ქეთი დეისაძეც თავის ახალ გატაცებას. ის ჯერჯერობით საახალწლო ბურთულებს მეგობრებისათვის ქმნის.


 

წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია და ხელნაკეთ ნივთბეზე მოთხოვნაც სულ უფრო იმატებს.

ავტორი: ხატია ბანძელაძე