|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საკურას ხეივანი გაშენდება - რამდენიმე ათეული ნერგი დღეს დარგეს

ქუთაისში, დავით ხახალეიშვილის სახელობის ძიუდოს სპორტული სკოლის მიმდებარედ, საკურას ხეივანი გაშენდება. ამ მიზნით ადგილზე დღეს რამდენიმე ათეული ნერგი დარგეს.

ღონისძიებას საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკირა მეუღლესთან ერთად დაესწრო. როგორც ელჩმა განაცხადა, ხეივნის გაშენება ოლიმპიური ჩემპიონის, დავით ხახალეიშვილის ხსოვნას, ასევე საქართველო-იაპონიის მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელს ეძღვნება.

„დღევანდელი ღონისძიება ბატონი დავით ხახალეიშვილის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, საკურას ხეების დარგვით აღინიშნა. ის ძალიან წარმატებული სპორტსმენი იყო. მას ჰყავდა ძალიან ბევრი მეგობარი იაპონიაში და სიმბოლურად, ეს ღონისძიება ეძღვნება საქართველო-იაპონიის მეგობრობის გაძლიერებას და ის ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულე გავიარეთ ერთად. იაპონია ეხმარება საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, განვითარების სხვადასხვა ასპექტებში. იაპონელები საკურას ყვავილობას, მის გარდამავალ ბუნებას, სიცოცხლის ხანმოკლეობას, მის ძვირფასობას უკავშირებენ, ამის გამო, საკურას ხეებს ხშირად რგავენ მიცვალებულთა სულების სიმბოლოდ, შესაბამისად, დღეს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, ეს ხეები დაირგვება, როგორც იაპონელი, ასევე ქართველი ხალხის სოლიდარობის გრძნობით უკრაინელებისადმი, რომლებიც ომის ამ ტრაგიკულ შედეგებს თავის თავზე იღებენ“, - განაცხადა ელჩმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მხარის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე. 

 

ავტორი: ნიუპრესი