ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტში შეზღუდვები დაწესდა
ქუთაისში პანდემიის გამო, საქალაქო ტრანსპორტში შეზღუდვები დაწესდა. როგორც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, პეტრე ადამაძემ განაცხადა, სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას.
“კოვიდ-19-ის მზარდი სტატისტიკის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეზღუდვები დაწესდა. რეგულაციების დაცვას საპატრულო პოლიციისა და მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებდნენ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი შეიცვალოს”, - განაცხადა ადამაძემ.
შეგახსენებთ, დღეს იმერეთში კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი 782 შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი