ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს
ქუთაისში დღესასწაულის აღნიშვნა საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნის პატივგებით დაიწყო.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საპატრიარქოს ჩოხოსნებმა და სასულიერო პირებმა გვირგვინებით შეამკეს მერაბ კოსტავას ძეგლი და ისაუბრეს ეროვნული გმირის უდიდეს წვლილზე ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის აღსრულებაში.
" საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! ეს დღე ჩვენი ქვეყნის უმთავრესი დღესასწაულია, ეს დღე ჩვენია! დიდხანს გრძელდებოდა საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, უამრავი ადამიანის გმირობის და თავგანწირვის ფასად მოვიპოვეთ თავისუფლება. დღეს პატივს მივაგებთ ყველას, ვისი დამსახურებაცაა ერთიანი და თავისუფალი საქართველო. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი. საქართველო არის და იქნება ერთიანი და დამოუკიდებელი ღირსეული ქვეყანა!" - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფოსტის ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ წარმოდგენილია თემატური, მულტიფუნქციური სივრცეები, გამოფენები, ინსტალაციები, საბავშვო და სპორტული ზონები, იმართება საინტერესო შეხვედრები და კონცერტები.
17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, შესრულდება საქართველოს ჰიმნი, დღის ბოლოს კი გალა-კონცერტი გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი