|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავანგარდის სასაფლაოს გზის მხარეს გაფართოებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია

ქუთაისში ავანგარდის სასაფლაოს  გზის პირას გადმოწევის ფაქტმა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებმა გამოიწვია. მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა და სასაფლაოს გაზრდის, მით უფრო,  გზის პირას გადმოწევის შეჩერება მოითხოვა.

„არაერთხელ მოვითხოვეთ სასაფლაოს გზის მხარეს გაზრდის შეჩერება.   გვესმის, რომ ეს ჩვენი რეალობაა, თუმცა ჩვენც  გვაქვს უფლება,  არ გვინდოდეს კორპუსთან მოსული სასაფლაო. ვითხოვთ,  მიაქციონ ჩვენს განცხადებას ყურადღება და  სასაფლაოს ზრდა შიდა მხრიდან მოახდინონ“, -განაცხადა ადგილობრივმა ლადო ამყოლაძემ. მან ისიც აღნიშნა, რომ სასაფლაოებს ყურადღება არ ექცევა და მოსახლეობის მიერ საბალახოდ გაშვებული პირუტყვი სასაფლაოზე შედის:  „ნამდვილად არაა სასიამოვნო პირუტყვის მიერ  წაბილწული საფლავი რომ დაგვხვდება“,– განაცხადა ამყოლაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.

 პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი. ნინო ბენიძის განცხადებით, ქალაქში რამდენიმე სასაფლაოს დახურვის შემდეგ  დატვირთვა ავანგარდის სასაფლაოზე გადმოვიდა.    

„გვესმის, რომ სასაფლაოები აუცილებელია და ყველგან უნდა იყოს, მაგრამ ხომ უნდა დაიცვან დისტანცია დასახლებულ პუნქტებსა და სასაფლაოს შორის. ლამის გაჩერებასთან გადმოიტანეს საფლავები, რაც  ჩვენთვის დამთრგუნველია. იქნებ ალტერნატიული  ადგილი  იპოვონ“, –აცხადებს ნინო ბენიძე.

საქართველოს კანონმდებლობით,   სასაფლაო დასახლებული  პუნქტიდან  300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. თუმცა ქუთაისში ეს წესი ხშირად უგულვებელყოფილია, სასაფლაოები მოსახლეობის ეზოებს ემიჯნება. 

ქუთაისში  სულ 13 სასაფლაოა.  ნაწილი  უკვე დახურულია.  დატვირთვა გარეუბნების  სასაფლაოებზეა გადასული.

მოსახლეობის შენიშვნებს ნაწილობივ იზიარებს ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „ქართული ტრადიციები 2011“–ის  ხელმძღვანელი.  აღნიშნულ შპს-ს ქალაქში სასაფლაოების მოვლა–პატრონობა ევალება.  კახა დალაქიშვილის განცხადებით, ავანგარდის მოსახლობას აღნიშნული პრეტენზიებით მათთვის არ მიუმათავს, თუმცა ადასტურებს,  რომ გარეუბნების სასაფლაოებზე მოთხოვნა გაიზარდა.

„ჩემი აქ ყოფნის დროს არავის გამოუთქვამს საწინააღმდეგო აზრი. პირიქით, ესალმებიან სასაფლაოს შემოღობვას. წინა მხრიდან ღობე კეთდება. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს,  ჩვენ უნდა მოგვმართოს“,-აცხადებს დალაქიშვილი.

 მისი თქმით, მართალია,  სასაფლაოების ნაწილი დახურულია,  თუმცა ადგილების პრობლემა არ არის.  უბრალოდ,  პრესტიჟული ადგილების პრობლემაა, თორემ გარეუბნებში ადგილები ნამდვილადაა“,–განმარტა  „ქართული ტრადიციები 2011“–ის  ხელმძღვანელმა.

 ის ადასტურებს, რომ სასაფლაოებზე პირუტყვის შესვლის ფაქტები ხშირია, თუმცა პრობლემას მოსახლეობის თვითშეგნებაში ხედავს და აცხადებს, რომ საქონლის მეპატრონეები შეგნებულად უშვებენ პირუტყვს სასაფლაოებზე.

 „რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, მოსახლეობა საკუთარ შინაურ პირუტყვს თავად უშვებს სასაფლაოზე. ღობე გვხვდება გახსნილი, რასაც ცხოველი ვერ გააკეთებდა.  ეს მოსახლეობის დაპირისპირებას იწვევს.  ჩვენ არ გვაქვს იმდენი რესურსი,  ყოველდღიურად ვაკონტროლოთ სასაფლაოები, რომ ცხოველები არ შევიდნენ. ამასთან თანამშრომლები ვერ ახდენენ  მათ დაჭერას და არც დაჯარიმების უფლება გვაქვს.  რამდენჯერმე გავაფრთხილეთ ადგილობრივები, მაგრამ ერთი  და იგივე მეორდება. ახლა მივმართავთ  თვითმმართველობას, მოხდეს კიდევ ერთხელ გაფრთხილება და  დაკავების შემთხევაში დაწესდეს ჯარიმები, რომ ამით მაინც მოხდეს ამ ადამიანების დაშინება“,–აცხადებს დალაქიშვილი.

დალაქიშვილი სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწესრიგებაზეც საუბრობს.  როგორც მან აღნიშნა,  უმრავლეს შემთხვევაში მისასვლელი გზები და შიდა გზებიც კი მოწესრიგებულია.  ამ დროისთვის მუშავდება პროექტი ავტოქარხნის სასაფლაოს ერთი–ნაწილის მოწესრიგებისათვის.  შპს-ს ხელმძღვანელი განმარტავს,  რომ სასაფლაოების მოვლა–პატრონობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ვინაიდან  ბიჯეტიდან არ ფინასდება, ყველა ხარჯი შპს–მ საკუთარი შემოსავლიდან უნდა დაფაროს.

სასაფლაოებზე ზრუნვისათვის შპს–ადმინისტრაცია მოსახლობას ახალ სერვისს სთავაზობს. დალაქიშვილის განცხადებით, სასაფლაოების მოვლა–პატრონობისათვის მოსახლეობას წელიწადში 36 ლარის გადახდა მოუწევს:

„გვაქვს ინიციატივა, რომელზეც პირველად  თქვენთან  ვსუბრობ. იმისათვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს, საჭიროა მოსახლეობის უმეტესობის თანხმობა. ჩვენ  ვთავაზობთ ქუთაისელებს, 36  ლარის  სანაცვლოდ მოვაწესრიგოთ და დავასუფთაოთ მათი ახლობლების საფლავები.  ავიყვანთ თანამშრომლებს, მოხდება ყველა საფლავის მოწესრიგება. გვესმის, რომ ეს რთული პროცესია.  ვშიშობ, მოსახლეობის უმეტესობა  ამ იდეას თავიდან არ შეხვდება დადებითად, მაგრამ  75 % რომ იყოს თანახმა,  ჩვენ მზრუნველობას ავიღებთ ყველა საფლავზე, მოხდება დასუფთავება წლების განმავლობაში უმეთვალყურეოდ დარჩენილი საფლავების, რაც საბოლოო ჯამში, მოგვცემს შედეგს. აღარ იქნება ის პრობლემები, რაც ახლა გვაქვს.  აღსანიშნავია ის, რომ ამ თანხის გადახდა მოსახლეობას ნაწილ-ნაწილ შეეძლება - წლის განმავლობაში ორჯერ, ან ყოველთვიურად, როგორც მოუხერხდება. იქნება  სპეციალური ანგარიში და გაიცემა  ქვითრები,  ნიშნად იმისა, რომ ეს არ არის ვინმეს კეთილდღეობაზე გათვლილი და  ყველაფერი ხდება თვითმმართველობის დონეზე“,–აცხადებს დალაქიშვილი.

შეძლებს თუ არა შპს „ქართული ტრადიციები 2011“ სასაფლაოებზე წესრიგის დამყარებას, ამას დრო გვიჩვენებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა