საახალწლო გალა კონცერტზე რობი კუხიანიძე, ქეთათო ჩარკვიანი და ლუკა ზაქარიაძე იმღერებენ
ქუთაისელებს 2019 წლის დადგომას რობი კუხიანიძე & "აუთსაიდერი" მიულოცავს, 31 დეკემბერს ცენტრალური მოედანზე დაგეგმილ გალა-კონცერტზე "აუთსაიდერთან" ერთად ქეთათო ჩარკვიანი და ლუკა ზაქარიაძე იმღერებენ.
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები გათვლილია ყველა გემოვნების ადამიანისათვის.
საახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბერს დილიდან დაიწყება. ქალაქის ისტორიულ უბანში მოეწყობა საახალწლო კუთხე, სადაც გაიმართება საბავშვო საახალწლო კონცერტი, საახალწლო პერფომანსი, კოსტუმირებული მსვლელობა და საბავშვო წარმოდგენა, ასევე დრამერების შოუ-მსვლელობა და გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის საახალწლო ქოხებში.
"თეთრი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე 17.00 საათიდან დაიწყება სამეჯლისო ცეკვების პერფომანსი და საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი დავით ალადაშვილის მონაწილეობით. მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათიდან ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, სადაც თოვლის ბაბუაც გამოჩნდება და მსურველებს ტკბილეულითა და გოზინაყით გაუმასპინძლდება.
უყურადღებოდ არც ელექტრონული მუსიკისმოყვარულები დარჩებიან. მათთვის კომპოზიციებს DJ Tade, DJ Kura, DJ Zurkin შეასრულებენ.
მერიის მიერ გამოქვეყნებული განრიგის თანახმად, შემდეგი დღეების პროგრამა ასეთია: 1 და 2 იანვარს ქუთაისის კულტურის ცენტრში ნიღბების თეატრის წარმოდგენა გაიმართება (13:00 სთ, 15:00 სთ).
2 იანვარს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში საახალწლო საბავშვო კონცერტი გაიმართება -16:00 სთ.
3 იანვარი - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი- თოჯინების თეატრის სპექტაკლი, 13:00 სთ.
ღონისძიებების ორგანიზებისათვის მერიამ 43 ათასი ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი NAT180018685 გამოაცხადა, რომლის გამარჯვებული ინდმეწარმე მიხეილ სალდაძე გახდა.
ავტორი: ნიუპრესი