|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტაქსის გამოძახების კომპანია «MAXIM»–ის ოფისი დააზიანეს

ქუთაისში ტაქსის გამოძახების სამსახურ «Maxim»–ის  წარმომადგენლების განცხადებით,  გუშინ ქუთაისში უცნობმა პირებმა დააზიანეს "Maxim"-ის ოფისის ფასადი და შესასვლელი. მათ არ დაენანათ საღებავი და არ დაეზარათ ტრაფარეტების გაკეთება. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტაქსის მძღოლს გაკეთებინა, რადგან თვლიან, რომ  ვანდალიზმს არავითარი შეხება არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამოსახატად საქართველოში არსებობს უფრო ცივილიზებული გზები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომპანიამ პოლიციას მიმართა.

 «Maxim»–ის ადმინისტრაცია კომპანიასა და მძღოლს შორის დაწყებულ დავას მედიასაშუალებების მიერ ხელოვნურად შექმნილს უწოდებენ. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი,  კონფლიქტი არ არის პოლიტიკური ხასიათის და მხოლოდ მძღოლის მეირ კომპანიის მოთხოვნების დარღვევა მოხდა.

"ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმი» არ თამაშობს პოლიტიკურ თამაშს! ჩვენ მხოლოდ ბიზნესით ვართ დაკავებული ისევე, როგორც ასეულობით სხვა კომპანიები საქართველოში. Maxim-ის მისია იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ ურთიერთობა მგზავრებსა და მძღოლებს შორის, დავეხმაროთ ადამიანებს თავიანთი მიზნებისკენ სვლაში. სხვა არაფერი. კომპანია დარეგისტრირებულია და იხდის გადასახადებს საქართველოში. ჩვენ მძღოლებს ვაძლევთ საშუალებას მიიღონ შემოსავალი, ხალხს ვაწვდით ტაქსის გამოძახების თანამედროვე სერვისს. მოვაწყვეთ შესანიშნავი მაღალტექნოლოგიური კონტაქტ-ცენტრი, სადაც ხდება მგზავრობის შეკვეთების მიღება და დამუშავება. მასში დასაქმებული არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც გაიარეს სწავლება ყველაზე მაღალი სტანდარტების მიხედვით. ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ გვსურს გავაუმჯობესოთ მუშაობა და სერვისის ხარისხი. ჩვენ ვთანამშრომლობთ დამოუკიდებელ მძღოლებთან. ისინი არ არიან კომპანიის შტატში, შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე მათგანის გათავისუფლება. მაგრამ, თუ მძღოლი არღვევს გადაყვანა-გადაზიდვის წესებს, იწვევს კლიენტებისგან საყვედურებს, ან სხვაგვარად აზარალებს კომპანიის იმიჯს, ჩვენ ვწყვეტთ მასთან თანამშრომლობას. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სიტყვის თავისუფლებას. მაგრამ საფირმო ნიშნის მქონე ავტომობილზე, რომელიც წარმოადგენს კომპანიის სახეს, პოლიტიკური ლოზუნგების, სხვა კომპანიების ნიშნების და ა.შ. განთავსება არ შეიძლება. ავტომობილზე, რომელსაც არ აქვს საფირმო ნიშანი, მძღოლს შეუძლია დააწეროს ის, რაც მოესურვება - ამ შემთხვევაში ეს მისი პირადი საქმეა. ჩვენი კომპანია არ ერევა პოლიტიკაში. ამისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მაგრამ ვიღაცას ძალიან აწყობს სიტუაციის სწორედ პოლიტიკურ ჭრილში წარმოდგენა და არაფრისგან კონფლიქტის შექმნა", – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი