რა გახდა ქუთაისის საკრებულოში დაპირისპირების მიზეზი?
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. დაპირისპირება საკრებულოს დეპუტატებს, ნატო ქათამაძესა და გურამ ტოროშელიძეს შორის მოხდა.
სხდომაზე საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, რომ ქუთაისის ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და სოციალურად დაუცველებს თანხა წაართვა. აღნიშნულ განცხადებას, დეპუტატების უკმაყოფილება მოყვა. ტოროშელიძემ ქათამაძეს განუცხადა, რომ ტელევიზიასთან მანიპულირებს და კომისიის სხდომებს არ ესწრება.
"მანდამაინც ჟურნალისტები უნდა მოვიწვიოთ კომისიის სხდომაზე, რომ მობრძანდეთ და განვიხილოთ ეს საკითხები? ჩაიხედეთ მაგ დოკუმენტებში და შემდეგ ისაუბრეთ. აქ ტყუილად დროს ნუ გვაკარგვინებთ, იარეთ სხდომებზე და იქ განვიხილოთ საკითხები და თუ ვერ დაკმაყოფილდებით პასუხებით, მაშინ მიმართეთ მედიას",-განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა გურამ ტოროშელიძემ.
ქათამაძის ამ რეპლიკას ქალაქის მერმაც უპასუხა. შოთა მურღულიას განცხადებით, სოციალურად დაუცველებისა და საჭიროების მქონე პირებისათვის დახმარებების გაცემა გრძელდება.
„საზოგადოების სახელით მანიპულირებთ, თუმცა საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად იმ ხმების 10%-იც ვერ მიიღეთ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სახელით მიიღეთ,“ - განაცხადა მურღულიამ.
„მე რომ ოპოზიციაში ვიყავი, მურღულია "ნაცების ნავში" იჯდა,“-განაცხადა ქალაქის მერის პასუხად ნატო ქათამაძემ.
შეგახსენებთ, საკრებულომ რიგგარეშე 27-ე სხდომა ჩაატარა, სადაც 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განიხილეს.
ცვლილებების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამა 50 000 ლარით და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 80 000 ლარით შემცირდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი