რა იცვლება საარჩევნო კოდექსში
ახალი საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი საარჩევნო ნორმები და პროცედურები იცვლება. „საარჩევნო კოდექსის“ პროექტსა და მასზე თანდართულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტში ხვალ 19 ნოემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ.
“საარჩევნო კოდექსის“ ერთ-ერთი მთავარი ცვლილებაა ის, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები: კერძოდ, პროექტის თანახმად დგინდება, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღება აუდიომონიტორინგს არ გულისხმობს.
კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება და სააღრიცხვო ბარათი წარსადგენი აღარ იქნება. ამჟამად, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი - სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. პროექტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას შეავსებს, სადაც თანხმობასთან ერთად, ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია აღინიშნება.
იცვლება კანდიდატების წარდგენისა და ასევე, რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ ამ პარტიის წევრი წარადგინოს, ხოლო საინიციატივო ჯგუფი-უპარტიო კანდიდატს წარადგენს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება.
ახალი “საარჩევნო კოდექსის“ პროექტით ცვლილება საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის ვადასაც შეეხება. კანონის მოქმედი რედაქციით, საკრებულოს პირველი სხდომა ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში მოიწვევა. პროექტით, პირველი სხდომის მოწვევა გათვალისწინებულია საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 14 დღის ვადაში.
ავტორი:





11:02
16:29
16:27
13:32
















