"რა ინსტრუმენტზე უკრავენ ქუთაისის ბულვარში დები იშხნელები?"
ქუთაისის ბულვარში, დები იშხნელების ქანდაკება დაზიანებულია. ფაქტს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი ეხმიანება და წერს -"რა ინსტრუმენტზე უკრავენ ქუთაისის ბულვარში დები იშხნელები?"
"ეს ქანდაკებაც არაერთხელ ხელჰყვეს, მაგრამ მათი გაფუჭებული საქმე არავინ უნდა გამოასწოროს? ბულვარის სავალ ბილიკებს დღეში ათასჯერ კვეთენ ტურისტული ჯგუფები, ინდივიდუალურად ჩამოსული სტუმრები, სწორედ იშხნელების კომპოზიციის წინ დგებიან და სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. ალბათ, უცხოეთში, ან ინტერნეტსივრცეში არაერთხელ დასმულა კიდეც შეკითხვა იმ უცნაური, არაორდინარული "ქართული მუსიკალური საკრავის" თაობაზე, ერთ-ერთ ქალბატონს ხელში რომ უჭირავს და, გარკვეულწილად, გიტარას ჩამოჰგავს. აბა, ვინ დაიჯერებს, რომ სინამდვილეში, ეს მართლაც გიტარაა და 3500 წლის ქალაქის გულში, ცენტრალურ ბაღში, ყველაზე სახელგანთქმული და კოლორიტული ქუთაისური მუსიკალური ჯგუფის მემორიალური კომპოზიცია, კარგა ხანია, ასეთი დაზიანებული დგას", -წერს ნანული ცხვედიანი.
დების იშხნელების კომპოზიცია ცნობილ მოქანდაკეს გოგილო ნიკოლაძეს ეკუთვნის.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის განცხადებით, უკვე გაიცა დავალება და ძეგლი უახლოეს მომავალში აღდგება.
ავტორი: ნიუპრესი