გამსახურდია-კოსტავასა და კიკვიძის ძეგლების თემაზე ონლაინ გამოკითხვის შედეგი გადამწყვეტი არ არის
ქუთაისში მოქალაქეების არაერთი მოთხოვნის გამო, თვითმმართველობა გამოკითხვას ატარებს. საკრებულოს გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, არჩევანი ვასილ კიკვიძის ძეგლსა და გამსახურიდია-კოსტავას ძეგლებს შორის გააკეთონ.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეების მიერ რამდენჯერმე შემოვიდა წინადადება, ვასილ კიკვიძის ძეგლის ნაცვლად ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლის განთავსების თაობაზე. აქედან გამომდინარე, გვაინტერესებს თქვენი აზრი - რას ფიქრობთ, უნდა მოხდეს თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლის ჩანაცვლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლით?"-წერია განცხადებაში.
საკრებულოს გამოკითხვას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ საკითხის ამგვარი ფორმულირებაც კი შეურაცხმყოფელია, რადგან ვასილ კიკვიძის და ეროვნული გმირების შედარება არ უნდა მოხდეს. ნაწილი თვლის, გამსახურდიასა და კოსტავას ძეგლებისთვის სხვა ადგილი უნდა მოიძებნოს.
გამოკითხვა რამდენიმე დღეში დასრულდება. ბოლო მონაცემებით, მონაწილეთა 89%, ხმას ზვიად გამსახურდია-მერაბ კოსტავას ძეგლებს აძლევს, მხოლოდ 11% ვასილ კიკვიძის ძეგლს.
"ნიუპრესი" დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი ძეგლის ჩანაცვლებაზე გაკეთდა, როგორ განვითარდება მოვლენები? როგორც საკრებულოში აცხადებენ, თუ მოსახლოებამ გამსახურდია-კოსტავას ძეგლები შეარჩია, დაიწყება მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები.
"მაჟორიტარებთან ერთად პირისპირ შევხვდებით მოსახლეობას და მათგან ონლაინ რეჟიმში მოვისმენთ პასუხს. ონლაინ გამოკითხვა, რომელიც გამოცხადებულია გადამწყვეტი არ არის და შემდეგი ეტაპები მოყვება"-აცხადებენ პრესსამსახურში. კითხვაზე, თუ პირისპირ შეხვედრაზეც მოსახლეობის არჩევანი არ შეიცვალა, შემდეგ რა პროცედურები გატარდება, პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამაზე ჯერ პასუხი არ აქვთ და შეხვედრების შემდეგ გაკეთდება განცხადება.
კიკვიძის ძეგლის აღებას წლებია ითხოვენ. ძეგლის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა.
გენერალი ვასილ კიკვიძე 1917-18 წლებში უკრაინაში წითელ არმიას ხელმძღვანელობდა. მისი ძეგლი ქუთაისში 1959 წელს დაიდგა.
ავტორი: ნიუპრესი