რა ოდენობით გაიზარდა ხელფასები ქუთაისის მერიაში?
ქუთაისის მერიაში სახელფასო ფონდი 250 000 ლარით გაიზარდა. მერმა სახელფასო ფონდის გაზრდა თანამშრომლების მოტივაციით ახსნა და განმარტა, რომ აუცილებელია თანამშრომელს, რომელსაც 400 ლარი აქვს ხელფასი, გაეზარდოს ანაზღაურება, რადგან ეს პირდაპირპროპორციულია მათი შრომისუნარიანობისა და ქალაქზე ზრუნვის.
„ნიუპრესი“ დაინტერესდა, რანგირების მიხედვით, რა ოდენობით გაიზარდა სახელფასო ანაზღაურება მერიაში.
ხელფასი არ გაზრდია მერს და ის 2750 ლარი რჩება, თუმცა, მას როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირს, უფლება აქვს მიიღოს ფინანსური ჯილდო.
ახალი კანონის თანახმად, გაიზარდა მერის მოადგილეების ხელფასები. მერის პირველი მოადგილის იუზა უგულავას ხელფასი 3 700 ლარით განისაზღვრა და წინა მონაცემებთან შედარებით, 1 600 ლარით არის გაზრდილი, მერის მოადგილეების ნინო თვალთავაძის და გიორგი იობაშვილის ხელფასი 3 500-3 500 ლარია. წინა მონაცემებით, მოადგილეების ხელფასი 2050 ლარი იყო, შესაბამისად, მატებამ 1450 ლარი შეადგინა.
500 ლარით გაიზარდა სამსახურის უფროსების ხელფასები და ახალი მონაცემებით, 2200 ლარი შეადგინა.
950 ლარიდან 1400 ლარამდე გაიზარდა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა ხელფასი.
მერიაში ყველაზე დაბალი ანაზღაურება მესამე კატეგორიის უმცროსს სპეციალისტს აქვს და ის 550 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სპეციალისტების და სხვა რანგის თანამშრომელთა სახელფასო მატება, მხოლოდ 120-150 ლარით განისაზღვრა.
თუ გავითვალისიწინებთ, რომ ქუთაისის მერს სამი მოადგილე ყავს და ასევე არის ცხრა სამსახურის უფროსი, შესაბამისად 12 საჯარო მოხელის მხოლოდ წლიური სახელფასო მატება შეადგენს 108, 000 ლარს, მათი სრული ანაზღაურება კი ბიუჯეტს 366 400 ლარი უჯდება. რაც შეეხება მერის წლიურ ანაზღაურებას, ის 33 000 ლარია.
250 000 ლარით გაზრდილი სახელფასო ფონდიდან თითქმის ნახევარი 12 საჯარო მოხელეზე მოდის. შესაბამისად, მერის განმარტებას თუ დავეყრდნობით, ხელფასის პროპორციულად, სავარაუდოდ, მხოლოდ მისი მოადგილეების და სამსახურის უფროსების შრომისუნარიანობა და ქალაქზე ზრუნვის მოტივი გაიზრდება.
ჯამში, მერიის სახელფასო ფონდმა 3 460 000 ლარი შეადგინა.
შემცირებული შტატები და გაზრდილი სახელფასო ფონდი ქუთაისის მერიაში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი