როგორ დავიცვათ პერსონალური მონაცემები? - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რეგიონული შეხვედრები გამართა
პერსონალური მონაცემების დაცვისა და საგამოძიებო მიმართულებით არსებული გამოწვევები, ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ქვეყნის მასშტაბით კერძო და საჯარო ორგანიზაციის 300-მდე წარმომადგენელს შეხვდა. სამუშაო შეხვედრები 7 დიდ ქალაქში: ბათუმში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ზუგდიდში ჩატარდა და ქუთაისში დასრულდა.
სამუშაო ფორმატის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის, ფუნქციების, გატარებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და ტენდენციების შესახებ.
ღონისძიებები ევროპის საბჭოს ,,არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერის" პროექტისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა. რეგიონების დაფარვის გაფართოება და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სამსახური თითოეული რეგიონისთვის მიზნობრივი ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელებას გეგმავს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი