"რაც აფრიკის დასახლებაში ხდება, ესაა ცხოველობა და არაადამიანობა"
რაც ხდება აფრიკის დასახლებაში, ესაა ცხოველობა და არაადამიანობა. აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც აფრიკის დასახლებაში მივიდა, სადაც ადგილობრივებს ქალაქის მერის ბრძანებით უკანონოდ აშენებულ სახლებს უნგრევენ.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ამ ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოიძებნოს.
„ასეთ ტერიტორიაზე, ამ უბედურ ქვეყანაში უამრავ ადამიანს აქვს სახლი აშენებული, რადგან სახელმწიფოსგან მიტოვებულები არიან. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, მათ შორის გაჭირვებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით.
რაც აქ ხდება, ესაა ცხოველობა და არაადამიანობა. თაბორის მთა რომ დაუკანონეს ბიძინა ივანიშვილს, ამაზე პასუხს ვინ აგებს? თუ ბიძინა რომ ხარ, ყველაფერი შეიძლება და თუ გაჭირვებულია ადამიანი, ჯარი უნდა დაასიონ?“- აცხადებს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს. სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულები. დაკავებულია 8 პირი. მერიის ინფორმაციით, უკანონოდ აშენებული 12 სახლის დანგრევა იგეგმება.
ავტორი: ნიუპრესი