|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, კანონპროექტი 16 მუხლისგან შედგება.

როგორც მან აღნიშნა,  პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის  შემდეგი ფორმები: 
დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით,  1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
„სასჯელის 1/6 -ით შემცირება და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა.  დღეს ჩვენ 22 000 პრობაციონერი გვყავს  და აქედან ამნისტია დაუყოვნებლივ 7 000 პრობაციონერს შეეხება, ანუ საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ინიციირებული პროექტი შესაბამისობაშია საქართველოში დღეს არსებულ სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის 10 კანონი მიიღო და დღეს განხილული პროექტი მეთერთმეტეა.

„თავისი მასშტაბურობით ამნისტიის ეს პროექტი,  რომელსაც ჩვენ დაბალანსებულ ამნისტიას ვუწოდებთ, საკმაოდ შთამბეჭდავია. ის 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი - 1 000 პატიმარს. ამნისტიის მიზანი თავიდანვე  გაცხადებული იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ივნისს, პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგომის დროს. მაშინ მან დააანონსა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მუშაობდა „ამნისტიის შესახებ“ პროექტზე, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიო და კონკრეტული მიზანი - პატიმართა რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან გათანაბრება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ავტორი: