რას ითვალისწინებს სასმელი წყლის რესურსების მართვის რეფორმა?
საქართველოს წყლის რესურსების მართვის რეფორმის პოლიტიკის დოკუმენტზე იმსჯელეს შეხვედრაზე, რომელშიც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეფორმა მიზნად ისახავს წყლის რესურსების დაცვას და წყლის ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესებას; სასმელ წყალთან და სანიტარულ პირობებთან მოსახლეობის უწყვეტ ხელმისაწვდომობას ასევე, მომხმარებლებს შორის წყლის რესურსების სამართლიან განაწილებას.
რეფორმა ფარავს როგორც ზედაპირულ ასევე, მიწისქვეშა წყლებთან დაკავშირებულ ასპექტებს, რაც მართვის ინტეგრირებულ მიდგომას უზრუნველყოფს.
რეფორმის ქვაკუთხედი პარლამენტში განსახილველად წარდგენილი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტია. მასთან ერთად გათვალისწინებულია ტექნიკური ხასიათის 15 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება და შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბება.
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, რეფორმის სრულად განხორციელება კი, 2030 წლამდე.
„საქართველოში, მთელი რიგი მიზეზების გამო, წყლის რესურსების გლობალური მართვის საქმეში და განსაკუთრებით, მოსახლეობის ხარისხიანი წყლით უზრუნველსაყოფად დაგროვდა უამრავი პრობლემა, საჭიროება და გამოწვევა, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს. იმედი მაქვს ჩვენს ქვეყანაში მალე მოხდება წყლის რესურსების სწორი და ეფექტიანი დაგეგმვა, რაც მოგცემს როგორც წყალმომარაგების, მელიორაციის, მრეწველობის, ტურიზმის და ხარისხის, ასევე, ინვესტიციების ზრდას. აღნიშნული რეფორმით ხელი ასევე, შეეწყობა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომ ინტეგრაციას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ავტორი: ნიუპრესი