რატომ აბრუნებს ქუთაისის მერი მამის ხელფასს უკან?
ნეპოტიზმი ლათინური სიტყვაა, რომელიც ნათესავებისა და მეგობრობისთვის განსაკუთრებული პრივილეგიის მინიჭებას გულისმობს, ყველა ხელისუფლების ეს გამოწვევა აქტუალობას არც "ოცნების" მთავრობის პირობებში კარგავს. თუმცა ნეპოტიზმში, რომ არ დაედანაშაულებინათ-ზოგმა ცოლის ახლობლის ნათესაობა დააყენა ეჭვქვეშ, ზოგმა შვილზეც თქვა უარი.
მართალია, მამაზე უარი არ უთქვამს (თუმცა ლევან მურღულია მერიაში კარგა ხანს თანამშრომლებს ქალაქის ახალი მერის ბიძა ეგონათ), მაგრამ ქუთაისის მერს ახსნა-განმარტების მიცემა არაერთხელ დასჭირდა. შოთა მურღულია ჯერ კიდევ მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო, მამის, ლევან მურღულიას მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობა რომ დააყვედრეს და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს.
25 მარტის საკრებულოს სხდომაზე კი არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ჟურნალისტმა ნიკოლოზ ნარსიამ სხდომის მსვლელობისას პლაკატები წარწერით: "შოთა ნეპოტიზმის მეფე" და "ნუ დაალპობთ ქალაქ მუზეუმს" გამოფინა.
ნარსიას ქმედებამ საკრებულოს დეპუტატთა უკმაყოფილება გამოიწვია. განაწყენებულმა დეპუტატებმა მას სხდომის დატოვება მოსთხოვეს. ქალაქის მერმა სიმშვიდის შენარჩუნება ამჯობინა და "ბრალმდებელს" სხდომაზე დარჩენის ნება დართო. მოგვიანებით კი მურღულიამ აღნიშნა, რომ პლაკატებზე საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის გია უკლებას კალიგრაფია და "ნაციონალების" სტილი ამოიცნო.
ამ ბრალდებასთან დაკავშირებით პირველი განმარტება 2013 წელს მერიის იურისტმა გააკეთა. როგორც ირაკლი გიორგაძე აღნიშნავდა, ლევან მურღულია მერიაში 2009 წლიდან მუშაობდა, იყო პროფესიონალი კადრი. მონაწილეობას გეგმავდა 2013 წელს მერიაში გამოცხადებულ კონკურსში ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეობის პოსტზე. როგორც გიორგაძის განცხადებიდან ირკვევა, მას კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია. მას შემდეგ, რაც შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ლევან მურღულიამ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე თავად განაცხადა უარი და რიგით თანამშრომლად დარჩა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის წესით დანიშვნა "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" არსებული კანონის დარღვევისგან თავდაცვის ერთადერთი გარანტია. ქუთაისის მერს სწორედ აღნიშნული კანონის დარღვევაში ედავებიან.
საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" ადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის სამართლებრივ პირობებსა და მექანიზმს.
აღნიშნული კანონის მეშვიდე მუხლში ვკითხულობთ, რომ "თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა. აქვე ვკითხულობთ, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში ოჯახის წევრი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
შოთა მურღულია 2013 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მის მთავარ არგუმენტს სწორედ ეს წარმოადგენს, რომ მას,როგორც მოვალეობის შემსრულებელს, კანონი ოჯახის წევრის გათავისუფლებას არ ავალდებულებდა.
2014 წლის აპრილში მურღულიამ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო მერის მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა. 15 ივნისის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი, შვებულებიდან პირდაპირი წესით არჩეული მერის რანგში 7 ივლისს დაბრუნდა.
მურღულია აღნიშნავს, რომ კანონდარღვევის ფაქტს ადგილი არც მომდევნო პერიოდში ჰქონია, ვინაიდან თანამდებობაზე დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მერიაში რეორგანიზაცია გამოაცხადა. ქალაქის მერის ამ არგუმენტს კანონი სხვანაირად უყურებს. მასში არ იკითხება, რომ რეორგანიზაცია თანამდებობის პირს ოჯახის წევრის დათხოვისგან ათავისუფლებდეს.
მართალია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში არსებულ ფაქტს კანონდარღვევის კვალიფიკაციას არ ანიჭებენ, მაგრამ როგორც საიას თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი განმარტავს, ერთადერი რაც ამ დროისთვის კითხვებს ბადებს, ატესტაციის სანდოობაა.
"ვინაიდან ლევან მურღულია 2009 წელს სამსახურში უვადოდ დაინიშნა, ჩვენი მოსაზრებით ინტერესთა შეუთავსებლობა არ იკვეთება, ერთადერთი, რაც ობიექტურობისთვის უნდა გაირკვეს და კითხვებს ბადებს, არის ატასტაცია. საინტერესოა, როგორ გაიარა ლევამ მურღულიამ ატესტაცია და გასაუბრება იმ კომისიის პირობებში, რომლის ერთ-ერთი წევრიც მისი შვილი იყო? თუმცა ეს არც საპირისპიროს ამტკიცებს, რადგან, შესაძლოა, მას მართლაც 80%-იანი შედეგი ჰქონდა ",-აცხადებს სანტურიანი.
რაც შეეხება რეორგანიზაციას, რომელიც შოთა მურღულიას მთავარ არგუმენტად მოჰყავს, დაახლოებით 2014 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოცხადა. ზუსტ თარიღებს ვერ იხსენებს, თუმცა 10 დღიან ვადასა და რეორგანიზაციის გამოცხადებას შორის რამდენიმე დღიან დარღვევას არ გამორიცხავს თავად ქალაქის მერი და პირობას დებს, რომ ვადაგადაცილების შემთხვევაში ლევან მურღულიას რამდენიმე დღის ხელფასს უკან დააბრუნებს.
"ამიხსნას ვინმემ, რატომ უნდა გავათავისუფლო მამაჩემი? ის ამ შენობაში 1995 წლიდან მუშაობდა. 2009 წლიდან კი ზედამხედველობის სამსახურში რიგით თანამშრომლად მუშაობს, არანაირ მაღალ თანამდებობას არ იკავებს, არც მისი მერიაში მუშაობით არღვევს კანონს, ვინაიდან მან ატესტაცია 80%-იანი შედეგით გაიარა. შეგახსენებთ, მერად 2014 წლის ივლისში დავინიშნე. დანიშვნიდან რამდენიმე დღეში რეორგანიზაცია გამოვაცხადე, შეიძლება სამი-ოთხი დღის ცდომილება მართლაც იყო, მაგრამ არ არის პრობლემა, თუ ცდომილებაა, რამდენიმე დღის ხელფასს დავაბრუნებთ. ეს სამსახური მამაჩემისთვის საარსებო შემოსავალია,"-აღნიშნა შოთა მურღულიამ "ახალ გაზეთთან" საუბარში.
დაარღვია თუ არა კანონი შოთა მურღულიამ, ამის გარკვევა შესაბამისი სამსახურების კომპეტენციაა, რის შემდეგაც გაეცემა პასუხი კითხვას მამა-შვილ მურღულიებს მხოლოდ ხელფასის უკან დაბრუნებით მოუწევს, სხვა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ აღნიშნული ბრალდებისგან საბოლოოდ გათავისუფლდებიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი