|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ აპირებს მოქალაქეობაზე უარის თქმას ქუთაისის მკვიდრი? (ვიდეო)

ქუთაისში, ერისთავის ქუჩაზე მცხოვრები ირინა მაისურაძე მეზობელს, გოჩა სამანიშვილს საკუთარი ეზოს ნაწილის მითვისებაში ადანაშაულებს. სამშენებლო სამუშაოებს ეზოში არსებული ჭა შეეწირა, საიდანაც ადგილობრივი მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს. სამეზობლო დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საჯარო რეესტრიც, რომელსაც ირინა მაისურაძე საკადასატრო ნახაზის გაყალბებაში ადანაშაულებს. დავის მიზეზი გახდა სამანიშვილის მიერ აშენებული თონე, როგორც მაისურაძე აღნიშნავს, თონეში რეზინის და პლასტმასის ნივთებს წვავენ.

ინფორმაციის გადამოწმებას ადგილზე მყოფ მცხობელთან შევეცადეთ, მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და თონის ფანჯარა მოგვიხურა. რამდენად სამართლიანად ედავება მაისურაძე მეზობელს და რა შენიშვნები აქვს თავის მხრივ გოჩა სამანიშვილის ამის დაზუსტებას თავად მასთან შევეცადეთ, რომელიც იმ დროისთვის სახლში არ დაგვხვდა და ვერც მითითებულ ტელეფონზე დაკავშირება შევძელით. 

 

P.S. ვინაიდან სიუჟეტის ჩაწერის დროს, მცდელობის მიუხედავად, მეორე მხარესთან დაკავშირება ვერ შევძელით, სამანიშვილის პოზიცია მოგვიანებით გახდა ცნობილი. გოჩა სამანიშვილის მეუღლის,  ნინო გიორბელიძის  განცხადებით, ირინა მაისურაძე მათ უსაფუძვლოდ ედავება და მისი ერთ–ერთი მიზანი დავისგან მატერიალური სარგებლის მიღებაა.

გიორბელიძემ ვიდოეგადაღებაზე უარი თავად თქვა, ამიტომ გთავაზობთ მისი კომენტარის  ტექსტურ ვერსიას:

"ირინა მაისურაძე რეალურად მე არ მესაზღვრება გვერდით, ის ეზოს უკანა ნაწილიდან არის მეზობელი, მაგრამ 2009 წლის შემდეგ ფლობს ბიძის სახლ–კარს და აქ არსებული საზღვრის გამო იბრძვის.  ჩვენ რომ შევიძინეთ ეს სახლი, კარგი ურთიერთობა გვქონდა მასთან. მას შემდეგ, რაც მაღაზია ავაშენეთ კუთვნილ ეზოში და გადავხურეთ, მაშინ გაახსენდა, რომ თურმე ეს მისი ეზო ყოფილა და არა საზღვარი ორ სახლს შორის.  ჩვენ უნებართვოდ არაფერი აგვიშენებია, საჯარო რეესტრისა და მერიის ზედამხედველობის ნებართვებით ვმოქმედებთ. სახლი რომ შევიძინეთ, ირინას ნებართით მოვხსენით ძველი ღობე, რასაც დაზიანებული "სეტკა" წარმოადგენდა. ირინა მაისურაძემ გვთხოვდა და ეს "სეტკა" ჩააბარა ჯართში. არაფერი გვითქვამს, პირიქით, ვცდილობდით დავხმარებოდით. მაღაზიის გადახურვის შემდეგ მოულოდნელად ატეხა აჟიოტაჟი და გვითხრა, რომ სასამართლოს მიმართავდა. დაიწყო დავა,  საქალაქო სასამართლომ ჩვენ გაგვამართლა, მაგრამ მან სააპელაციოში გაასაჩივრა და ახლა განაჩენს ველოდებით. ირინა მაისურაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ სახლის კედელია საზღვარი, სინამდვილეში საზღვარი არის 50 სმ სახლის კედლითან, რისი მანიშნებელიც არის დარჩენილი ბოძები, რომელზეც გაზის მილები გადის. ის "სოკარსაც" ედავებოდა და მილების გადატანას თხოვდა. ჩვენი დანაშაული ის არის, რომ ახალი ღობის კეთებისას საზღვარი ბოლომდე არ გავიყვანეთ და ახლა გვიწევს ამაზე დავა. ასევე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ღობის გაკეთების დროს თბილისში იყო, ის ჩვენ გვედით იმყოფებოდა, ამ დროს ჩააბარა ჯართი",–განაცხადა ნინო გიორბელიძემ.

 მისი განცხადებით, საზღვარში მდებარე ჭა თავიდანვე სახლის წინა მფლობელების საკუთრება იყო და ირინა მაისურაძეს მხოლოდ მის სარგებლობის უფლებას აძლევდა.

"ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, არსებული ღია აივანი ამოვაშენეთ და რეალურად ჭას არც შევხებივართ. ახლა კი ჩვენ გვიშლის მისით სარგებლობას.

ირინა მაისურაძემ თავად გააყალბა საბუთები, ხელი დედის გვარით მოაწერა და ახლა აცხადებს, რომ საბუთზე მისი ხელმოწერა არ არის, ყველამ კარგად იცის, რომ დედამისი წიქორიძეა და საბუთზე ხელს ირინა წიქორიძე აწერს.

შენიშვნები აქვს თონესთან დაკავშირებითაც, რაც აბსურდია, როგორ შეიძლება იმდენი პლასტმასი და ბოთლები მქონდეს, რომ თონე გავახურო, თან ასე, რომ იყოს, რომელი მეზობელი შეიძენდა ჩვენთან პურს? მილიდან ბოლის ამოსვლა დანაშაული ყოფილა თურმე და დილით პატრული დამაყენა თავზე.  მას მხოლოდ პირადი ინტერესი ამოძრავებს, ვცადეთ ამ მხრივაც მორიგება, მაგრამ არ დაგვთანხმდა  და გვიწევს სასამართლოში სირბილი",–განაცხადა ნინო გიორბელიძემ.

 სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განაჩენი 13 ნოემბერს უნდა გამოაცხადოს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი საქმის განხილვა საბოლოოდ დასრულდება თუ ზემდგომ ინსტანციაში გადაინაცვლებს.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი