|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ არ მიულოცეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას 150 წლის იუბილე? - ნანული ცხვედიანი პოსტს აქვეყნებს

ჟურნალისტი და საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი ნანული ცხვედიანი საჯარო ბიბლიოთეკის იუბილესთან დაკავშირებით ხელისუფლების დუმილს სოციალური ქსელში ეხმიანება. 
„რამდენი ბიბლიოთეკაა საქართველოში 150 წლის?
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა კი, რომელსაც ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ანტონ ლორთქიფანიძის თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი 1873 წელს, დღეს 150 წლის გახდა!
ნუთუ მოლოცვის ღირსნი არ იყვნენ მწირ ხელფასებზე უანგაროდ, ათეულწლობით მომუშავე ბიბლიოთეკარები, რომლებიც მარტო არჩევნების პერიოდში ახსენდებათ პარტიებსაც და ხელისუფალთაც?
ნუთუ, ძალიან ძნელი იყო, "თეთრი სახლიდან" ქალაქის მამებს ბულვარი გადმოეჭრათ, ამოსულიყვნენ საჯარო ბიბლიოთეკაში და საზეიმო განწყობა მაინც შემოეტანათ ამ ჩამყუდროებულ - ჩამკვდარ გარემოში?
ნუთუ არ შეიძლებოდა, 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ჯილდოებზე წარედგინათ საჯაროსა და საბიბლიოთეკო ქსელის უხუცესი თანამშრომლები, ფარატინა ქაღალდებით "დაესიგელებინათ" სფეროს გამორჩეული მუშაკები?
და, ბოლოს და ბოლოს, ერთი თაიგული მაინც გამოეგზავნათ, პრესცენტრების ხელით, მერიიდან და საკრებულოდან?
არ ვიცი... არ ვიცი... ამ კითხვებზე მე არა მაქვს პასუხი, მაგრამ, ალბათ, აქტიურ ჟურნალისტიკაში რომ ვიყო, აუცილებლად შევეცდებოდი მოძებნას", - წერს სოციალურ ქსელში.
 ცნობისთვის, საჯარო ბიბლიოთეკის შენობა სავალალო მდგომარეობაშია და დაუყოვნებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.  

ავტორი: