|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ დახვრიტეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საშობაო მელოდიის ავტორი?(ვიდეო)

დღეს ვერავინ წარმოიდგენს შობას ცნობილი მელოდიის გარეშე, რომელსაც Carol of the Bells ეწოდება.

 სადღესასწაულო სეზონზე ამ მელოდიას გაიგონებთ ყველა მაღაზიაში, ქუჩაში, ეკლესიებში და რაღა თქმა უნდა, ყველა რადიოში. ეჭვგარეშეა, ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი მელოდიაა მთელს მსოფლიოში. ამის მიუხედავად, ცოტამ თუ იცის, რომ მსოფლიოში ცნობილი ჰიტის ავტორი უბრალო მუსიკის მასწავლებელი გახლავთ, უკრაინელი ნიკოლაი ლეონტოვიჩი.

ნიკოლაი ლეონტოვიჩი დაიბადა 1877 წელს, სოფლის მღვდლის ოჯახში, პოდოლსკის გუბერნიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ის მამისა და ბაბუის კვალს გაჰყვა და სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, სადაც მან პარალელურად შეისწავლა ვიოლიონოსა და ფორტეპიანოზე დაკვრა და საგუნდო სიმღერა.

აკადემიის დამთავრების შემდეგ ნიკოლაი დონბასში გადავიდა და კომპოზიტორობა სცადა. 1901 წელს გამოჩნდა საშობაო სიმღერის დამუშავებული ვერსია „შჩედრიკი“. თავდაპირველად, ეს სიმღერა გათვალისწინებული იყო ოთხი ხმისათვის და უნდა შესრულებულიყო მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლების გარეშე.

კომპოზიტორობა შემოსავლიანი საქმიანობა არ გახლდათ იმ დროს და ამიტომაც, ლეონტოვიჩი იძულებული გახდა, რომ ფულის საშოვნელად ხან მუსიკის მასწავლებლად ემუშავა, ხან სიმღერის კერძო პედაგოგად. ასე დადიოდა ის პოდოლსა და დონბასს შორის და ცდილობდა შემთხვევითი სამუშაოდან მიღებული ფულით თავი გაეტანა, სანამ 1916 წელს „შჩედრიკს“ შეასრულებდა კიევის უნივერსიტეტის გუნდი. ამან ლეონტოვიჩს დიდება და სახელი მოუტანა. ამ სიმღერას უკვე მთელს ქვეყანაში მღეროდნენ, ხოლო უკრაინული დიასპორა კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ნამდვილი წარმატება კი მოვიდა მაშინ, როცა 1922 წელს „შჩედრიკი“ ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლში უკრაინულმა გუნდმა შეასრულა ოლექსანდრე კოშიცის ხელმძღვანელობით. ამგვარად, ეს უცნობი უკრაინული სიმღერა მთელს ამერიკაში და სხვა კონტინენტებზე გავრცელდა. ეს მელოდია იმდენად მოეწონათ ამერიკელებს, რომ 1936 წელს NBC-ის (National Broadcasting Company) უკრაინული წარმოშობის თანამშრომელმა პეტრე ვილგოვსკიმ შჩერდიკის მელოდიაზე ინგლისური ტექსტი დაწერა. ამის შემდეგ ეს სიმღერა ამერიკაში ცნობილი გახდა სახელით: Carroll of the Bells (ზარების საგალობელი).

 

     

  ეს მელოდია უამრავ ფილმსა თუ სერიალშია გამოყენებული, მისი მოსმენა ათობით ცნობილი მომღერლის შესრულებით შეგიძლიათ, თუმცა სახელისა და დიდების მიუხედავად, ნიკოლაი ლეონტოვიჩის ბედი სულაც არ გახლდათ შესაშური. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, როცა ჩამოყალიბდა უკრაინული სახალხო რესპუბლიკა, ლეონტოვიჩი კიევში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სახელი გაითქვა, როგორც კომპოზიტორმა და არანჟირების სპეციალისტმა. 1918 წელს მან პირველი უკრაინული სახელმწიფო ორკესტრი ჩამოაყალიბა, მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.

 

1919 წლის აგვისტოში, კიევის აღების შემდეგ, დაიწყო უკრაინული ინტელიგენციის დევნა, ამიტომაც კომპოზიტორი იძულებული გახდა კიევი დაეტოვებინა და მშობლიურ ქალაქ ტულჩინში გაქცეულიყო.

1921 წელს შობისას, ნიკოლაიმ მშობლების მონახულება გადაწყვიტა. სახლში შევიდა თუ არა, კარზე კაკუნი გაისმა. მისმა მამამ კარი გააღო და სახლში შემოვიდა ჩეკისტის მოწმობის მქონე. მან თქვა, რომ მივლინებაში იმყოფებოდა და ღამის გასათევი ითხოვა, ნიკოლაის მშობლებმა ვერაფერი იეჭვეს და ნიკოლაის გვერდით, ერთ ოთახში გამოუყვეს ადგილი. გამთენიისას ნიკოლაის მამამ გასროლის ხმა გაიგონა. ოთახში რომ შეირბინა, მომაკვდავი შვილი დაინახა, რომელმაც ძლივს წაიჩურჩულა: „მამა, ვკვდები…

დიდი ხნის განმავლობაში ნიკოლაი ლეონტოვიჩის სიკვდილი საიდუმლოებით იყო მოცული, სანამ მეოცე საუკუნის 90-იან წლებში არ გახსნეს კგბ-ს არქივი და პატაკი ხალხის მტრის, ნიკოლაი ლეონტოვიჩის განადგურებასთან დაკავშირებით… 

წყარო: http://mirvam.org

ავტორი: