რატომ ზიანდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - რას აცხადებს თეა ონიანი
ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ფაქტობრივად ყველა ისეთ ძეგლს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გასაჭირი აქვს - რომელი ერთი ჩამოვთვალო: იქნება ეს სვეტიცხოველი, ბაგრატი, ნიკორწმინდა, ფიტარეთი, ყინწვისი, შემოქმედი, ცაიში, წალენჯიხა, ატენის სიონი, - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მან ძეგლებზე გამოწვეული პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად წინა წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარვეზით ჩატარება დაასახელა. ონიანის თქმით, „ძეგლები იმის გამო ფუჭდება, რომ ან სახურავი არის არასწორად მოწყობილი ან მასალა არასწორად არის შერჩეული“.
„მაგალითად, ბაგრატსა და ნიკორწმინდაში სახურავიდან წყალი ჟონავს და კედლები სველდება. სპილენძის ჩამონაჟონი ამწვანებს და შემდეგ აშავებს საპირე წყობის ქვებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება გადაჭრა. ნამდვილად არ ვუშინდებით, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს სიჩქარე არ უხდება. გელათისა და ბაგრატის მაგალითმა ამაში ნათლად დაგვარწმუნა.
ასეთი საეტაპო ძეგლები თუ სრულყოფილად არ შეისწავლეს და გამოიკვლიეს, მათზე რაიმე სამუშაოების დაწყება ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ შეცდომებამდე მიგვიყვანს, რის წინაშეც დღეს ვდგავართ.
ძეგლები იმის გამო ფუჭდება, რომ ან სახურავი არის არასწორად მოწყობილი ან მასალა არასწორად არის შერჩეული. ამ ყველაფერს ხანგრძლივი, სკრუპულოზური კვლევა სჭირდება. ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, რომ ასეთი ტიპის - გამორჩეულ, პირველი კატეგორიის ძეგლებს მივხედოთ.
საკმაოდ დიდი პრობლემაა ატენის სიონზე, პროექტი რაც მომზადებული დამხვდა, არის ატენის სიონზე სპილენძის გადახურვის მოწყობა. თუმცა ეს პროექტი ბოლომდე ვერ პასუხებს პრობლემებს, რაც დღეს ტაძარს აქვს. ატენის სიონს აქვს განსაკუთრებული გადახურვა, სადაც გადახურვის მოწყობა ძალიან სკრუპულოზურ მიდგომას მოითხოვს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ პრობლემების გადაწყვეტაში უცხოელი ექსპერტები ჩავრთოთ, რომელიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე პრობლემებს დაამუშავებენ, არსებულ პროექტებს განიხილავენ და მიგვითითებენ არის თუ არა საჭირო ახალი პროექტების მომზადება, რა ხარვეზებია პროექტებში. ძეგლებზე სარეაბილიტაციო პროექტები ამის შემდეგ განხორციელდება“, - განაცხადა თეა ონიანმა.
ონიანი ამ პოსტზე მიმდინარე წლის თებერვალში კულტურის ახალმა მინისტრმა დანიშნა.
ავტორი:





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















