რჩევები, როგორ ვისარგებლოთ მობაილ და ინტერნეტბანკით უსაფრთხოდ
არაფერია იმაზე უფრო კომფორტული, როცა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, მობილურის ან კომპიუტერის დახმარებით, ჩვენს ფინანსებს ვაკონტროლებთ. ფინანსური პროგრამების როლი პანდემიის დროსაც გაიზარდა, რადგან თითქმის ყველა სახის საბანკო ოპერაცია ახლა სახლიდან გაუსვლელად, ჩვენსავე მოწყობილობაზე რამდენიმე დაწკაპებით სრულდება, თუმცა აუცილებელია ყურადღებით ვიყოთ და მათი გამოყენებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
სტატიაში ინტერნეტ და მობაილბანკის უსაფრთოებისთვის რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
1. აპლიკაცია გადმოწერეთ სანდო წყაროდან და განაახლეთ რეგულარულად
პირველ რიგში, სანამ მობაილბანკის გამოყენებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ სწორ აპლიკაციას იწერთ. ენდეთ მხოლოდ ვერიფიცირებულ საბანკო აპლიკაციებს და არ გადმოწეროთ ის ღია ფორუმებიდან ან სხვა საეჭვო გვერდებიდან. თუ დარწმუნებული არ ხართ აპლიკაციის ან ვებგვერდის სანდოობაში, დაუკავშირდით ბანკს და ისინი დაგეხმარებიან მობაილბანკის უსაფრთხოდ ჩამოტვირთვაში.
2. გაიაქტიურეთ სანდო მოწყობილობა
სანდო მოწყობილობა ის ტელეფონი ან კომპიუტერია, რომელსაც ყოველდღიურად, პერსონალური მიზნებით იყენებთ. თუ მობაილბანკის ან ინტერნეტბანკის პარამეტრების გვერდიდან გაიაქტიურებთ სანდო მოწყობილობას, ციფრულ ბანკში შესვლისას ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა არ მოგიწევთ.
3. ბანკში დაფიქსირებული გქონდეთ ტელეფონის ნომერი
თუ სატელეფონო კოდით სარგებლობთ და ბანკში არ გაქვთ დაფიქსირებული ნომერი, აუცილებელია, მიუთითოთ, რადგან გადარიცხვის უსაფრთხოების ერთჯერადი კოდი ნომერზე მოგივათ. გარდა ამისა, ტელეფონის ნომერზე ბანკიდან სხვა შემთხვევებშიც სწრაფად დაგიკავშირდებიან, მაგალითად, მოგაწვდიან ინფორმაციას საეჭვო ტრანზაქციების, ე.წ. Fraud-ის, ან ანგარიშის გატეხვის შესახებ.
4. პერიოდულად შეცვალეთ პაროლები
ერთ-ერთი საუკეთესო გზა ფინანსური ანგარიშების დასაცავად ძლიერი პაროლების დაყენებაა. ძლიერი პაროლი ციფრების, სიმბოლოების, დიდი და პატარა ასოების კომბინაციას წარმოადგენს.
არ დაიმახსოვროთ პაროლები ბრაუზერში. ამის ნაცვლად სანდო პაროლების მენეჯერი გამოიყენეთ.
5. გაააქტიურეთ SMS ან E-Mail შეტყობინებები
თანხის გამოტანის, გადარიცხვის ან სხვა ოპერაციის შემთხვევაში, SMS შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით ადვილად გააკონტროლებთ ანგარიშებს. ამ შეტყობინებებში, როგორც წესი, თქვენს ანგარიშზე დარჩენილი თანხა, ტრანზაქციის დრო და თანხის რაოდენობაც წერია. გარდა ამისა, საეჭვო შემთხვევებში, ბანკის შეტყობინებაც აღარ გამოგრჩებათ.
6. მოერიდეთ საჯარო WiFi-ს გამოყენებას
საჯარო WiFi-ზე დაკავშირებისას შესაძლოა სხვა ადამიანებმა თქვენს ონლაინნაბიჯებს თვალი ადევნონ. სანაცვლოდ, პერსონალური მონაცემების დასაცავად, ფინანსური ოპერაციები მხოლოდ მობილური ინტერნეტით ან სახლის, სანდო WiFi-ს დახმარებით შეასრულეთ.
7. შეამოწმეთ, რაზე აძლევთ წვდომას სხვა აპლიკაციებს
როცა აპლიკაციებს ვიწერთ, ავტომატურად ვეთანხმებით ხოლმე თხოვნას, წვდომა ჰქონდეს სხვა აპლიკაციებზე — ტელეფონის ნომრებზე, ზარებზე, კამერაზე, ხმის ჩამწერზე და ა.შ.
ასეთ დროს აუცილებლად დააკვირდით, შემთხვევით ახალ აპლიკაციას წვდომას ხომ არ აძლევთ მობაილბანკზეც, რადგან ასე თაღლითები ადვილად შეაღწევენ შენს ფინანსურ მონაცემებში.
8. დააყენეთ აპლიკაცია, რომელიც მობილურის დაკარგვის შემთხვევაში მობაილბანკს დაბლოკავს
მობილურები ხშირად იკარგება — სადმე გვრჩება ან გვპარავენ. ასეთ დროს, ფინანსური მონაცემების დასაცავად, სისწრაფე ყველაზე მნიშვნელოვანია. არსებობს აპლიკაციები, რომელთაც შეუძლიათ, დისტანციურად წაშალონ მონაცემები ან დაბლოკონ აპლიკაციები. ამის მრავალი ვერსია App Store-სა და Google Play-ზე გხვდება, თუმცა მსგავსი სისტემა ბევრ ოპერაციულ სისტემას თავადაც აქვს ჩაშენებული.
წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა, ედუფინი/edufin
ავტორი: ნიუპრესი