"რეანიმაციას სააკაშვილი ჯერ არ საჭიროებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია"
რეანიმაციას სააკაშვილი ჯერ არ საჭიროებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია, სადაც უნდა მკურნალობდნენ არა მხოლოდ რეანიმატოლოგები, არამედ თერაპევტები, ენდოკრინოლოგები, გასტოენტეროლოგები და ასე შემდეგ, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი გიორგი გრიგოლია აცხადებს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა დაახლოებით ნახევარ საათში გახდება ცნობილი.
„გლდანის ციხეში მომუშავე პერსონალს ჩვენ არ შევხვედრივართ და არც იყო ჩვენს კომპეტენციაში მათი პროფესიონალიზმის შეფასება. ვესაუბრეთ სამედიცინო სამსახურის დირექტორს, რომელიც იქ იყო და ერთ-ერთ რეანიმაციულ ბრიგადას, რომელიც მორიგეობს და გადმოყვანილია დროებით რესპუბლიკური საავადმყოფოდან. რაც შეეხება რეანიმატოლოგებს, რომლებიც გადმოყვანილი არიან რესპუბლიკურიდან და მორიგეობენ, მათ კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ისინი არიან რეანიმატოლოგები. რეანიმაციას სააკაშვილი ჯერ არ საჭიროებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია, სადაც უნდა მკურნალობდნენ არა მხოლოდ რეანიმატოლოგები, არამედ თერაპევტები, ენდოკრინოლოგები, გასტოენტეროლოგები და ასე შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილი არის შიმშილობის იმ სტადიაში, როდესაც შეიძლება, მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება. როდესაც ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს, მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და შედარებით ნორმალური მდგომარეობიდან უკვე ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის. ჯერ არის ის სტადია, როცა შეიძლება ამ ადამიანის ინტენსიურად მკურნალობა და თავიდან აცილება ამ ფატალური გართულებების. ამას სჭირდება ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის სპეციალისტის არსებობა, ბევრი კვლევები. იქ ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ, არიან გამოძახებით. რაც მე ერთი შეხედვით ვნახე, დიდი განსხვავებაა იმ აწყობილ საავადმყოფოს მუშაობასა და ამ დაწესებულების მუშაობას შორის. დეტალები უკვე გვექნება დასკვნაში“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
ომბუდსმენის ექსპერთა ჯგუფი შემადგენლობა ასეთია:
გიორგი გრიგოლია – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
გრიგოლი ხურციძე – შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
გიორგი კაჭარავა – კარდიოლოგი
გიორგი პაპიაშვილი – კარდიოლოგი/არითმიოლოგი
აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
მამუკა მაჩაიძე – ინფექციონისტი, თერაპევტი
თენგო წულაძე – ნევროლოგი
ნინო ზავრაშვილი – ენდოკრინოლოგი
ავტორი: ნიუპრესი