"რეორგანიზაცია არასასურველი კადრების მოშორებას და ჩინოვნიკების ხელფასების ზრდას ემსახურებოდა"
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია არასასურველი კადრების მოშორებას და გამოთავისუფლებული თანხით ხელმძღვანელი პირების ხელფასების გაზრდას ემსახურებოდა - ასე აფასებს ქუთაისის მერიაში განხორციელებულ რეორგანიზაცის მერის ყოფილი თანამშრომელი.
ირაკლი კიკვაძის განცხადებით, მერიაში 60 ადამიანი გათავისუფლდა. ჯამში, ააიპებსა და მერიაში 161 ადამიანი, რასაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულები ემატება.
„მერიაში რეორგანიზაცია მოხდა არაერთი დარღვევით. გათავისუფლდა 60 ადამიანი, ააიპებსა და მერიაში 161, რასაც დაემატება ის ადამიანები, რომლებსაც პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდათ ხელშეკრულება, ზოგს კომპენსაციასაც არ აძლევენ და პირდებიან, რომ სამსახურში დააბრუნებენ. ეს არის ტყუილი და მიმართულია მხოლოდ იმაზე, რომ არასასურველი კადრები მოიშორონ. რეორგანიზაცია თავისთავად გულისხმობს ოპტიმიზაციას და სახელფასო ფონდის შემცირებას, მაგრამ სახელფასო ფონდი გაიზარდა და ამასთან გაიზარდა მხოლოდ ხელმძღვანელი პირების ხელფასები, გათავისულებული ადამიანების სახელფასო ფონდი არ იქნებოდა ცოტა, მაგრამ ეს აისახა მხოლოდ თანამშებობის პირებზე“, -განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კიკვაძე მერიის სპორტის სამსახურიდან სპორტის ააიპში გადაიყვანეს, მარტში კი სამსახურიდან გაუშვეს. კიკვაძე პარტიული ნიშნით დევნაზე საუბრობს, ის "ლეიბორისტული" პარტიის წევრია, მან სასამართლოს მიმართა.
ბრალდებას მერიაში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ არცერთი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით არ გათავისუფლებულა.
"ქუთაისის მერიიდან და ა(ა)იპებიდან არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა პოლიტიკური ნიშნით. იმისთვის რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება, გაუქმდა კულტური სპორტის განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური. ფუნქციები შესაბამისად გადანაწილდა ა(ა)იპებში. ბრალდება ვინმეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს", -აცხადებენ მერიაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი