"რესპუბლიკური პარტია" კოალიციას ტოვებს
"რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ გააცნო.
გადაწყვეტილების შესაბამისად, "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება.
"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26–27 მარტს იმსჯელა. თუმცა მისივე თქმით, გადაწყვეტილება პრემიერის თხოვნით არ გაასაჯაროვეს.
პარტიაში აცხადებენ, რომ კოალიციასთან სამომავლო თანამშრომლობა "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ განახლების პროცესთან იქნება დაკავშირებული. ასევე არ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები. როგორც "რესპუბლიკელები" აცხადებენ, სამთავრობო თანამდებობებს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის, ან პრემიერის გადაწყვეტილების გამო დატოვებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი