საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს მოხმარებაზე რეგულაციები უახლოეს პერიოდში დაწესდება. კანონპროექტით, რომელზე მუშაობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, სამასპინძლო დაწესებულებები, სასტუმროები, ტრანსპორტი და სტადიონები, შესაძლოა, თამბაქოსგან სრულად გათავისუფლდეს. ამ ეტაპზე, თაბაქო სრულად არის აკრძალული საავადმყოფოებში, სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას განცხადებით, საქართველოს 5 წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება უნდა შემცირდეს. გეგმა 2013-2018 წლებზეა გათვლილი, თუმცა კანონპროექტი ჯერაც არ მიღებულა. ლელა სტურუა განმარტავს, რომ პროექტი მთავრობის სხდომაზე ორჯერ იქნა გატანილი, თუმცა მისი გარკვეული ნიუანსები დაწუნებული იქნა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტით ცვლილებები უნდა შევიდეს შემდეგ კანონებშიც: კანონი თამბაქოს შესახებ, კანონი რეკლამის შესახებ, საგადასახადო კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მაუწყებლობის შესახებ კანონი.
"მწეველებისა და არამწეველების ადგილის გამიჯვნა, კანონით ახლაც დადგენილია, თუმცა ის სრულად არ სრულდება. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ჩვენ რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ, თუ რა რეაქცია ექნება მოსახლეობას თამბაქოს აკრძალვის შემთხვევაში. ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 80% საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს აკრძალვის მომხრეა, მათ შორის რესტორნებსა და ბარებში. გამოკითხულთა დაახლოებით 70% ამბობს, რომ სრული აკრძალვის შემთხვევაში, რესტორნებსა და ბარებში იგივე ინტენსივობით ივლის, 10 პროცენტი კი ამბობს, რომ უფრო ხშირად ივლის. მხოლოდ 7%-მა თქვა, რომ აკრძალვის შემთვევაში აღარ ივლის მსგავს დაწესებულებებში", - ამბობს ლელა სტურუა.
რაც შეეხება მაკონტროლირებელ ორგანოს, სტურუა განმარტავს, რომ სხვადასხვა სტრუქტურებს შესაძლოა სხვადასხვა დაწესებულებების კონტროლი დაევალოთ. მისივე თქმით, პროცესში შესაძლოა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიც ჩაერთოს. სტურუა იმედოვნებს, რომ ახალი რეგულაციები ძალაში შემოდგომიდან შევა.