"რესურსების გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ გაძლიერდება" -ირაკლი კობახიძე
„ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს რეფორმა წარმატებით დაიგეგმოს და შესაბამისად, წარმატებით განხორციელდეს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების განვითარების პროცესი რთულად წარიმართა 90-იანი წლებიდან და წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედებდა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა, რომელიც თვითმმართველობის პრინციპს არ ეფუძნებოდა.
„კლასიკური გაგებით, ეს არის უფლებამოსილებებისა და რესურსების გადაცემა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული კუთხით დამოუკიდებელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის. პრემიერმა უკვე გამოყო სამი ძირითადი ასპექტი იმ რეფორმის, რომელსაც ვიწყებთ. ეს არის სწორედ უფლებამოსილებების გადაცემა, ეს არის რესურსების გადაცემა და ბუნებრივია, უფლებამოსილებებისა და რესურსების გადაცემასთან ერთად, საჭიროა თვითმმართველობის აღჭურვა სათანადო ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსებით"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „სტრატეგიის მთავარი მიზანი უნდა იყოს თვითმმართველობების აღჭურვა სათანადო უფლებამოსილებებით და სათანადო ფინანსური, მატერიალური რესურსებით. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, კომპლექსური სტრატეგია. თუ არ იქნება გააზრებული რეფორმის თითოეული ასპექტი, თუ, მაგალითად, უფლებამოსილებებს სწორედ არ გაყვა რესურსები, რესურსებს სწორად თუ არ გაყვა შესაბამისი ადამიანური რესურსი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, რეფორმა შეიძლება წარმატებით ვერ განხორციელდეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო კომპლექსური მიდგომა და სწორედ ამიტომ არის საჭირო დეცენტრალიზაციის ერთიანი, კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება და ეს არის ის პროცესი, რომელიც არის ამჟამად დაწყებული და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს და უფრო მეტიც, ვიტყვი, დარწმუნებით, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ფისკალურ დეცენტრალიზაციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფინანსური რესურსების გადაცემა ამ რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი უნდა იყოს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ჩვენი ფისკალური დეცენტრალიზაციის მოდელი ევროპულ სისტემას დაუახლოვდეს.
„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე 7% მაჩვენებელზე, რაც არის ერთგვარი ევროპული მინიმუმი. ბუნებრივია, სტანდარტი ნორმატიული სახით ან სხვა რაიმე მკაცრი ფორმით განსაზღვრული არსად არ არის, თუმცა თუ ჩვენ ავიღებთ ევროპულ პრაქტიკას, გამოცდილებას, ვნახავთ, რომ 7%-ი არის ერთგვარი ევროპული მინიმუმი ფისკალური დეცენტრალიზაციის. საუბარი მაქვს მთლიან შიდა პროდუქტთან ადგილობრივი შემოსავლების მიმართებაზე, რაც უნდა იყოს 7%-ი.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ქონების გამიჯვნის საკითხებს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი 2006 წლიდან დაიწყო, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები დღემდე შეზღუდული ქონებრივი რესურსებით სარგებლობენ.
პრეზენტაციის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ადამიანური რესურსების განვითარების მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს მოხელეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მდგრადი სისტემა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმატების აუცილებელი პირობა და სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე ე. წ. კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა და ადგილობრივი საჯარო სისტემის სამსახურის განვითარება.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ამოცანა აქტუალურია ცენტრალური ხელისუფლებისთვისაც. მისივე თქმით, ასევე აქტუალურია ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურის განვითარება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ადგილობრივ თვითმმართველობაში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდის მნიშვნელობა. მისი თქმით, ზრუნვის საგანი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობა.
იმ პირობებში, როდესაც ძალიან მწირი რესურსები იხარჯება ადგილობრივ დონეზე, სოფლის საჭიროებებისთვის, ქალაქის საჭიროებებისთვის, ბუნებრივია, ქალაქის, სოფლის მოსახლეობის მოტივაციაც ჩაერთოს თვითმართველობის განხორციელებაში არის ძალიან დაბალი და ეს განაპირობებს ძალიან დაბალ მაჩვენებლებს თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის თვალსაზრისით.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის როლზეც. ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ასოციაციის რესურსები საკმაოდ შეზღუდულია, თუმცა, მან იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიის საფუძველზე, ასოციაცია რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახდება.
„საბოლოო მიზანი, აქ საუბარია დაახლოებით 7-8 წლიან პერსპექტივაზე, არის ის, რომ დავუახლოვდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ სტანდარტებს. მიზანია, რამდენჯერმე გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური რესურსები. აქედან გამომდინარე, მთავარი ამ პროცესში არის პოლიტიკური ნება.
შეგახსენებთ, პარლამენტში ხელისუფლებამ „ადგილობრივი თვითმმართველობებისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვა" წარადგინა.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დისკუსიას მოდერირებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა უწევდა.
ავტორი: ნიუპრესი