|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეზო ჩხეიძის სახლის რეაბილიტაციისთვის მერია თანადამფინანსებლებს ეძებს

შემოქმედებითი სახლი „ჯარისკაცის მამა“, რომელიც ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ის სახლია, სადაც რეზო ჩხეიძემ ბავშვობა გაატარა. მისი ოჯახი 1937 წელს  ამ სახლიდან გამოასახლეს.

როგორც სახლზე არსებული აბრა გვამცნობს, სახლ-მუზეუმი  ქუთაისის ააიპი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების შემადგენლობაში შედის. რეზო ჩხეიძის სახლში ახლა მისი დეიდაშვილი ინეზა ავალიანი საქმიანობს. მისი ორგანიზებით აქ გადმოტანილია რეჟისორის სრული არქივი, თუმცა მისი გამოფენისა და განთავსებისათვის საჭირო გარემო ჯერ შექმნილი არ არის. 

სახლის მუზეუმად გარდაქმნისა და იქ კინო სკოლის მოწყობის იდეა უკვე რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა იდეის პროექტად ქცევა ადვილი არ აღმოჩნდა.  

ინეზა ავალიანის თქმით, პროექტზე მუშაობა გარკვეული მიზეზების გამო გაჭიანურდა, თუმცა ამ დროისათვის პროექტი უკვე არსებობს. 

პროექტის თანახმად, პირველ სართულზე მოეწყობა დარბაზი, რომელიც ერთდროულად 60 ადამიანის დატევას შეძლებს. აქვე მოეწყობა კინო სკოლა, სადაც რეგიონის ახალგაზრდები სწავლას უფასოდ შეძლებენ.  იქნება კლუბი სალონური შეხვედრებისათვის, სადაც საღამოები გაიმართება ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით. 

არსებული ინფორმაციით, პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ევროპის განვითარების ფონდის დახმარებით“ დააფინანსებს. მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია ასევე ქუთაისის მერია.  

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, პროექტი არსებობს, თუმცა მასში შესწორებების შეტანაა საჭირო. რაც შეეხება დაფინანსებას, საკითხი გაურკვეველია. მოხდება თუ არა წელს სამუშაოების დაწყება, უცნობია. 

"პროექტი არსებობს, თუმცა არის შენიშვნები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჩვენ  გვინდა, რომ საუკეთესოდ გაკეთდეს, მაგრამ თუ პროექტი არ დაიდო, ვერ ვისაუბრებთ დაფინანსებაზე.  ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ყველა ორგანიზაციასთან, რომ მოხდეს თანადაფინანსება", - განაცხადა ჭიღვარიამ "ნიუპრესთან" საუბარში. 

 

 

არარსებული კინოსკოლის დაფინანსებისათვის ქუთაისის ბიუჯეტში  წლის განმავლობაში 15 ათასი ლარია გათვალისწინებული. "აქტივობის მოსალოდნელი შედეგი - საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართული ახალგაზრდები; ახალგაზრდებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება; ახალგაზრდების თავისუფალი დროის შინაარსიანი გამოყენება"-მითითებულია ბიუჯეტში.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე