რეზო ჭეიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ფილმი გადაიღეს
რეზო ჭეიშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი საათი და 14 წუთი გრძელდება. ფილმზე, რომელიც ქართველი მწერლისა და სცენარისტის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს, კინო და დოკუმენტური ფილმების სტუდია ,,ცისკარას" შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა.
როგორც საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ რიტა წაქაძემ "ნიუპრესს" განუცხადა, ფილმის გადაღების იდეა ჯერ კიდევ ბატონი რეზოს სიცოცხლეში გაჩნდა:
"#8 საქალაქო ბიბლიოთეკაში ვსაუბრობდით მე, ისტორიკოსი და რეჟისორი ცისკარა ფაჩულია და #8 საქალაქო ბიბლიოთეკის გამგე ლალი ხაჭაპურიძე. ბატონ რეზოს გავუზიარეთ მოსაზრება და დაგვთანხმდა. სამწუხაროდ, მალე ბატონი რეზო გარდაიცვალა"- აღნიშნა წაქაძემ. მისი თქმით, ფილმზე მუშაობა 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო და რამდენიმე თვეში დაასრულეს. გადაღებები ქუთაისში, თბილისსა და ქვიშხეთში მიმდინარეობდა.
პროექტი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
ფილმის პრემიერა 20 თებერვალს ოპერის თეატრში მოეწყობა.
ავტორი: ირინა მაკარიძე