რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს - ირაკლი ქარსელაძე
რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს და ყველას შეუძლია უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მოსახლეობის დაშინების, ასევე პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა.
„ყველა ბრალდებაზე არის ოფიციალური პასუხი გაცემული. 27 კილომეტრი გაიხსნა, მანამდე მთელი შვიდი, თუ რვა თვის განმავლობაში მიდიოდა კამპანია, მოსახლეობის დაშინება – არ გაიარო, რაღაც მოხდება და ა.შ. თქვენი მცდელობა მიმართულია იქეთკენ, რომ მოსახლეობა დააშინოთ და დაშინების ხარჯზე შექმნათ დისკრედიტაცია ამ დიდი პროექტის, იმ ხალხის, ვინც ჩართულია. არ არის საფუძველი. ვიმეორებ, რომ არავითარი საფრთხე არ არის. ყველა შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა დამუშავებული იყო კვალიფიციური ინჟინრების მიერ, მიღებული იქნა კვალიფიციური მშენებლების და საზედამხედველო კომპანიის მიერ. გუშინ გავხსენით 27 კილომეტრი, დანარჩენ მონაკვეთებზეც ანალოგიურადაა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ავტორი: ნიუპრესი