|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს"

სამების საკათედრო ტაძარში, დიდი ხუთშაბათის დღესთან დაკავშირებით წირვა და ფეხთბანვის წესი შესრულდა. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როდესაც უფალმა აზიარა “ხორცსა და სისხლსა თვისსა” მოწაფეები. ეს არის ის დღე, როდესაც უფალმა დაბანა “ფერხი მოწაფეთა თვისთა და უჩვენა სიმდაბლე თვისი”.
მე მახსენდება ჩემი კურთხევა ამ დღეს, მე მაკურთხეს დიაკონად და ეს იყო რაღაც უჩვეულო სულიერი ზეიმი. მაკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, დღეს თითქმის ყველანი ვეზიარეთ “წმიდათა საიდუმლოთა ხორცისა და სისხლისა”. ღმერთმა ინებოს, რომ საკურნებლად იყოს სულისა და ხორცისა ჩვენთვის”, - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა ვნების შვიდეულის ბოლო დღეების მსახურებაზეც ისაუბრა.
დღეს, სამებაში 19.00 საათზე 12 ვნების სახარების კითხვა დაიწყება. წითელ პარასკევს, 14.00 საათზე, სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდება და შაბათს დილით, წესის აგება საფლავად დადების დღესთან დაკავშირებით.

“თქვენ იცით, რომ შაბათს არის ხარება, იშვიათი შემთხვევაა, რომ ამ დღეს ხარების დღესასწაულია, ხარების დღესასწაულის ლიტურგია სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდება”, - განაცხადა პატრიარქმა.


ამასთან, 7 აპრილს, 23.00 საათზე სააღდგომო მსახურება დაიწყება, რომელზეც პატრიარქის ეპისტოლეს წაიკითხავენ.
“ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს”, - ბრძანა პატრიარქმა.

 

IPN.GE

ავტორი: ნიუპრესი