როდის დაიწყებს საქმიანობას კერძო ბაღები?
ამოქმედდება თუ არა კერძო ბაღები? - კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შედეგად ამოქმედდა საწარმოები და დაწესებულები. მშობლებს, რომლებსაც სამსახურებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ, ამჯერად თავიანთი პატარების საბავშვო ბაღებში დატოვების პრობლემა დაუდგათ.
კერძო ბაღები შპს-ებს წარმოადგენენ და კონკრეტულად არც ერთ სტრუქტურას არ ექვემდებარებიან.
როგორც ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დათო წიტაიშვილი განმარტავს, კერძო ბაღები მათ დაქვემდებარებაში არ შედის, თუმცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობას ვერც ისინი შეძლებენ.
"დღეს არ არსებობს რეგულაცია, თუ როგორ უნდა იმუშაონ კერძო ბაღებმა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც დახურულ სივრცეში 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება იყოს, ვერც კერძო ბაღები შეძლებენ მუშაობას," - განაცხადა დავით წიტაიშვილმა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ეს პრობლემა კერძო ბაღებისათვის უკვე აღარ იარსებებს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს სრულდა. ამ დრომდე უცნობია, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რა რეჟიმით გააგრძელებენ საქმიანობას საჯარო ბაღები.
ავტორი: ნიუპრესი